გათავისუფლებულ ბოროდიანკაში ორასზე მეტ ადამიანს ვერ პოულობენ
კიევის ოლქის გათავისუფლებულ კიდევ ერთ დასახლებაში, ბოროდიანკაში 200-ზე მეტ ადამიანს ვერ პოულობენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დასახლება რუსულმა ავიციამ თითქმის სრულად გაასწორა მიწასთან.
ბოროდიანკა კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე პატარა დასახლებაა, მაგრამ სწორედ აქ გადის უკრაინის დედაქალაქთან დამაკავშირებელი, სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობის გზა.
ბოროდიანკა ერთ-ერთი პირველი დასახლება იყო, რომელიც რუსი ოკუპანტების მასიური იერიშების სამიზნე გახდა.
ადგილობრივი მცხოვრებლები საავიაციო და არტილერიული შეტევების პირველ დღეებს იხსენებენ - თუ როგორ ცდილობდნენ თავის გადარჩენას თავშესაფრებში.
ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი ათეულობით ადამიანი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მაღალი ალბათობით უკვე გარდაცვლილია.
"ვფიქრობთ, 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია", - ამბობს დასახლების გამგებელი გეორგი იერკო.
დღესვე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ რუს ოკუპანტებს ბოროდიანკაში შესაძლოა გაცილებით უფრო მასშტაბური და სასტიკი დანაშაულები ჩაედინათ, ვიდრე ბუჩაში.