გერმანია საქართველოს და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადებს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებს. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
"ორივე ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ორივე ქვეყანაში ადამიანებს, როგორც წესი, არ ემუქრებათ პოლიტიკური დევნა. გარდა ამისა, გერმანიაში 10 თავშესაფრის მაძიებლიდან ერთზე მეტი ამ ქვეყნებიდან მოდის და უსაფრთხო ქვეყნად აღიარება არალეგალურ მიგრაციას ძალიან სწრაფად და ეფექტურად შეამცირებს," - თქვა მან Funke-სთან ინტერვიუში, რომელიც 30 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ფეზერმა მოლდოვასთან და საქართველოსთან მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებების ხელმოწერა დააანონსა.
"ეს შანსს მისცემს იმ ადამიანებს, რომლებსაც გერმანიაში ჩამოსვლა, აქ განათლების მიღება, მუშაობა სურთ, ასევე კვალიფიციური პერსონალის მოზიდვას შევძლებთ." - თქვა მან.
ამასთანავე, მოლდოვა და საქართველო მზად არიან ის ადამიანები მიიღონ, რომლებსაც გერმანიაში ყოფნის უფლება არ აქვთ. ასეთი შეთანხმებების არარსებობა გერმანიას ხელს უშლის დიდი რაოდენობით მიგრანტების გაძევებაში.
გერმანიის მთავრობა ფეზერის მიერ წარდგენილი კანონპროექტის დამტკიცებას 30 აგვისტოს აპირებს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დოკუმენტის სწრაფად მიღების აუცილებლობა იმით დაასაბუთა, რომ წლის პირველ ნახევარში მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 0.1%-ს მისცეს თავშესაფარი.
უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი გერმანიას საშუალებას მისცემს დააჩქაროს ამ სახელმწიფოების მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განხილვა და იმ მიგრანტების უფრო სწრაფად გააძევება, ვინც უარყოფით პასუხს მიიღებენ.