გერმანელების 57% რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია
გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსული გაზისა და ნავთობის დაუყოვნებლივ ემბარგოს.
ამის შესახებ გერმანული გამოცემა Frankfurter Allgeimene Zeitung-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევიდან ხდება ცნობილი.
კვლევის რესპონდენტებს ორიდან ერთი სასურველი პასუხი უნდა აერჩიათ:
1. გერმანიამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვა. არ შეიძლება, რომ გერმანიამ გააგრძელოს ამ ნედლეულის შესყიდვა და ამ გზით გააგრძელოს ამ ომის დაფინანსება.
2. რა თქმა უნდა ეს პრობლემურია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია ამის შეცვლა მოკლევადიან პერსპექტივაში ისე, რომ გერმანიაში არ წარმოიქმნას დეფიციტი და არ გაიზარდოს ფასები.
რესპონდენტების უმრავლესობამ, 57%-მა მეორე პასუხი აირჩია. გამოკითხულთა მხოლოდ 30%-მა დაუჭირა მხარი რუსული ენერგორესურსების დაუყოვნებლივ ემბარგოს.
ამავდროულად გამოკითხულ გერმანელთა 59% არ დაეთანხმა ყოფილი პრეზიდენტის, იოაჰიმ გაუკის პოზიციას, რომლის მიხედვითაც გერმანელებს შესაძლოა დათმონ თავისი კეთილდღეობის ნაწილი რუსეთის შეკავების სანაცვლოდ. ამ პოზიციას მხარი გამოკითხულთ მხოლოდ 24%-მა დაუჭირა.
გარდა ამის გამოკითხულთა 62%-მა გამოთქვა შეშფოთება ფასების ზრდასთან დაკავშირებით. 54%-ის თქმით, უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ პროდუქციის ფასებს, ვიდრე ადრე. 47%-ის თქმით, ისინი გათბობაზე ეკონომიას ცდილობენ, ხოლო 37%-ს მტკიცებით საწვავის გაძვირების გამო უფრო იშვიათად იყენებენ ავტომობილს.
გამოკითხვამ ასევე გამოავლინა საზოგადოებრივი განწყობების მკვეთრი ცვლილება ატომურ ენერგეტიკასთან მიმართებაში. ასე მაგალითად ჯერ კიდევ თებერვალში გამოკითხულთა 42% ამბობდა, რომ არ ემხრობოდა ქვეყანაში მოქმედი უკანასკნელი 3 ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას.
დღეს გამოკითხულთა 57% ემხრობა ატომური ელექტროსადგურების მუშაობის ვადის გახანგრძლივებას. საპირისპირო აზრზეა 25%.
გამოკითხვა 25 მარტიდან 3 აპრილის პერიოდში ჩატარდა, მასში მონაწილეობა მიიღო 1 077 რესპონდენტმა.