გერმანელი მწვანეების ლიდერი: “გერმანელებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ”

გერმანელი მწვანეების კანცლერობის კანდიდატმა, ანალენა ბაერბოკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გერმანიამ უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს. თუმცა, ამასთანავე მან სკეპტიციზმი გამოხატა ნატოს მიერ საკუთარი წევრებისთვის დაწესებულ თავდაცვის ხარჯების მიზანზე - მშპ-ს 2%-ზე.

“მე ვფიქრობ, რომ არამხოლოდ შესაბამისია, არამედ საჭიროა, ევროპელებმა, განსაკუთრებით გერმანელებმა, საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ,” - განაცხადა ბაერბოკმა, ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე.

მაგრამ მან გამოთქვა “ეჭვი” ნატოს მიზანზე, რადგანაც ეს პრინციპი მთლიან შიდა პროდუქტს უკავშირდება.

“ეს ნიშნავს, რომ ისეთ კრიზისში, როგორშიც ჩვენ ვართ, სადაც ყველაფერი დაუცველია, რაციონალურად ჩვენ თავდაცვაზე ნაკლები უნდა დავხარჯოთ, რადგან მშპ-ს 2% არ არის იგივე, როდესაც ეკონომიკა იზრდება,” - თქვა მწვანეების ლიდერმა. 

ბაერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიას ძალიან “პასიური” საგარეო პოლიტიკა ჰქონდა წარსულში.

“მე მჯერა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი პრობლემა ბოლო წლებში არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს აქტიური საგარეო პოლიტიკა… და ეს გერმანიის პასიურობის გამო ხდება,” - აღნიშნა მან.

“გერმანიამ არ უნდა უთხრას სხვებს რომ ასე მოიქცნენ, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით პასიურები, სხვებისთვის აქტიურობა უფრო რთული იქნება.”

ბაერბოკს გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე მის პერსპექტივაზეც ჰკითხეს: “ამჟამად ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ წინ 5 თვეა, ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია.”




მსგავსი სიახლეები