გერმანია შეიარაღების ექსპორტის შეზღუდვას აპირებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ გერმანიის ხელისუფლება უცხო ქვეყნებში შეიარაღების ექსპორტზე მკაცრი კონტროლის დაწესებას აპირებს.
გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე ანგელა მერკელმა ეგვიპტისთვის და სინგაპურისთვის 5 მილიარდი ევროს ღირებულების მიყიდვას მოაწერა ხელი.
„შეიარაღების ექსპორტი მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს“, - განაცხადა გერმანიის მთავარმა დიპლომატმა.
მმართველი კოალიციის წევრი მწვანეთა პარტიას შეიარაღების მიწოდების შეზღუდვა სურს იმ ქვეყნებისთვის, სადაც ადამიანის უფლებები მასშტაბურად ირღვევა.
ბერბოკის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა გერმანიის საექსპერტო წრეში.
„გერმანიის ინტერესია, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენს ინტერესში არ არის, რომ [ამ ქვეყნებმა] შეიარაღება ჩინეთისგან ან რუსეთისგან მიიღონ“, - აცხადებს საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი როდერიკ კიზევეტერი.
ცოტა ხნის წინ უკრაინამ გერმანია ნატოს გავლით შეიარაღების მიწოდების დაბლოკვაში დაადანაშაულა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ბერლინმა ნატოს მხარდაჭერის და შესყიდვის უწყების მიერ უკრაინისთვის ანტი-საჰაერო და სნაიპერების საწინააღმდეგო სისტემის შეძენას დაადო ვეტო.
„ისინი [გერმანია] კვლავ აგრძელებენ Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობას, ამავდროულად ჩვენ თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვას გვიზღუდავენ. უსამართლობაა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
2021 წელს გერმანიაში იარაღის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს, 9 მილიარდ ევროს მიაღწია. აშშ-სთან, რუსეთთან და საფრანგეთთან ერთად გერმანია შეიარაღების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია.