შოლცი: გერმანია უკრაინას კიდევ სამ IRIS-T-ს რაც შეიძლება სწრაფად გადასცემს
გერმანია მალე უკრაინას კიდევ სამ საზენიტო-სარაკეტო სისტემა IRIS-T-ს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის შესახებ ჩატარებული მეხუთე გერმანულ-უკრაინული ბიზნეს ფორუმის გახსნაზე განაცხადა.
"რუსეთის თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე აჩვენებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინის ქალაქების, სოფლების, ხიდების, ქუჩებისა და სარკინიგზო ლიანდაგების აღსადგენად და დასაცავად. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სისტემები და თვითმავალი საზენიტო დანადგარები და ახლა ასევე IRIS-T უკრაინაშია... ამ სისტემას შეუძლია დაიცვას დიდი ქალაქები. უკრაინას კიდევ სამ ერთეულ ასეთ სისტემას რაც შეიძლება სწრაფად გადავცემთ", - აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში იყო "საშინელი წერტილი მთელ ისტორიაში".
"ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას [უკრაინას] პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად და ასევე იარაღით. დიახ, ჩვენ ასევე ამაზე ვსაუბრობთ ეკონომიკურ კონფერენციაზე", - თქვა მან.
კანცლერმა დაადასტურა, რომ გერმანია პარტნიორებთან ერთად უკრაინას მხარს დაუჭერს იმდენ ხანს დაუჭერს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.
"ეს ასევე ეხება ომის პერიოდს, ასევე რეკონსტრუქციის დროსაც. შეგიძლიათ დაეყრდნოთ გერმანიას, ევროკავშირს და სხვა მეგობრებს მსოფლიოში", - განაცხადა შოლცმა.
2022 წლის 11 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ პირველი IRIS-T მიიღო.
14 ოქტომბერს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ IRIS-T ქვეყნის სამხრეთში უკვე ჩაერთო ბრძოლებში. 18 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ "ძალიან კარგად იმუშავა".