გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 3.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ არაოფიციალურად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უკრაინის დასახმარებლად დამატებითი თანხების გამოყოფის შესახებ.
ამის შესახებ Bild am Sonntag სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინის მხარდასაჭერად 3.8 მილიარდი ევრო მოითხოვა.
ამის მიზეზი ის არის, რომ უკვე გამოყოფილი 7.1 მილიარდი ევრო თითქმის მთლიანად დაიხარჯა და მხოლოდ 300 მილიონი დარჩა ახალი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად.
ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა დასამტკიცებლად გერმანიის პარლამენტს ივნისში უნდა წარედგინოს.
გერმანიის ფინანსთა სამინისტროს ანონიმური წყაროს თქმით, წელს ბერლინმა მეტი იარაღი უნდა მიაწოდოს კიევს.
"თუ ჩვენ შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას მთავრობაში, ჩვენ ვიპოვით გზებს (ამისთვის) მიმდინარე ფინანსურ წელს," - თქვა წყარომ.
ამ კვირაში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სკანდინავიური ქვეყნების მთავრობის მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი მიიჩნევს, რომ გერმანიის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად.
მანამდე შოლცმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას თავიანთი რეზერვებიდან მეტი სამხედრო ტექნიკა მიაწოდონ.