გერმანია უკრაინისთვის COBRA-ს ტიპის რადარების გადაცემას განიხილავს - Die Welt
გერმანიამ უკრაინას შესაძლოა რადიოლოკაციური სისტემა COBRA გადასცეს, რაც მნიშვნევლოვნად გაზრდის უკრაინისთვის განკუთვნილი, ასევე გერმანული წარმოების თვითმვალი ჰაუბიცების Panzerhaubitze 2000-ის ეფექტურობას.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Die Welt ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად უკრაინამ COBRA-ს ტიპის 40 სისტემა ითხოვა, თუმცა ამ რაოდენობით აღშიშნული სისტემები ბუნდესვერის მარაგში არ მოიპოვება.
სამხედრო ექსპერტების შეფასებით ერთი ასეთი რადიოლოკაციური სისტემის ღირებულება 50 მილიონ ევროს აღწევს. COBRA წარმოადგენს რადარების სისტემას, რომელიც აღჭურვილია საარტილერიო დაზვერვით ტექნოლოგიით. რადიოლოკაციური სისტემას შეუძლია მიაკვლიოს მტრის ჰაუბიცებს და ნაღმმტყორცნებს.
თავდაპირველად ეს სისტემა ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა, თუმცა ამ დროისთვის მას მხოლოდ ფრანკო-გერმანული კომპანია აწარმოებს.
ცნობილია, რომ სხვადასხვა ტიპის სარადარო სისტემები უკრაინას აშშ-მაც გადასცა, თუმცა არსებული ინფორმაციით ამერიკული სისტემების შეთავსება ევროპულთან შეუძლებელია.
გარდა ამისა უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო დახმარების პაკეტში შედის დიდი რაოდენობით Spexer-ის ტიპის რადარები და Nightowl-ის ტიპის კამერები. სავარაუდოა, რომ მათი მიწოდება მოკლე დროში მოხერხდება.
Spexer-ის ტიპის რადარებს მტრის უპილოტო საფრენი აპარატების, ჯავშანტექნიკისა, ვერტმფრენისა და გამანადგურებლების აღმოჩენა ღამით და შორ მანძილზე შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ პაკეტში შედის ასევე, ე.წ. პასიური რადარები, რომელთა მწარმოებელიც კომპანია Hensoldt. საუბარია ისეთ რადიოლოკაციურ სისტემაზე, რომელსაც Stealth-ის ტიპის და ზებგერითი გამანადგურებლების აღმოჩენაც შეუძლიათ.
ხაზგასასმელია, რომ ეს რადარები ჯერ კიდევ არ არის გერმანიის არმიის შეიარაღებაში.
გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი გასულ კვირას დაუჭირა. ცნობილია, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.