გერმანია: ყველაზე დასახლებული რეგიონის არჩევნები ქრისტიან-დემოკრატებმა მოიგეს

გერმანიის ყველაზე დასახლებული მიწის, ნორდრაინ-ვესტფალიის რეგიონულ არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატები იმარჯვებენ.

გერმანიის საზოგადეობრივი მაუწყებლის (ARD) წინასწარი მონაცემებით, ქრისტიან დემოკრატიული კავშირი ხმების 35%-ით ლიდერობს. ქრისტიან-დემოკრატებმა უკანასკნელ არჩევნებთან შედარებით ხმების წილი 2%-ით გაზარდეს.

მათ სოციალ-დემოკრატები მოსდევენ 27.5%-ით. ნორდრაინ-ვესტფალიაში, გერმანიის ისტორიულ ინდუსტრიულ ცენტრში, სოციალ-დემოკრატებისთვის ეს ისტორიულად ყველაზე დაბალი შედეგია. წინა არჩევნებთან შედარებით, მათ ხმების 3.7% მოაკლდათ.

მესამე ადგილზე მწვანეები არიან 18.5%-ით. 2017 წლის არჩევნებთან შედარებით, მწვანეების რეიტინგი მთელი 12.2%-ით გაიზარდა.

მეოთხე ადგილზე ულტრა-მემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" გადის 6%-ით. მათ ხმების 1.4% მოაკლდათ.

თავისუფალ დემოკრატებს, ეგზიტპოლის თანახმად, ხმების 5% აქვთ. ამდენად, მათთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვა და რეგიონულ პარლამენტში (ლანდტაგში) შესვლა ჯერაც სათუოა. ლიბერალებს წინა არჩევნებთან შედარებით მხარდაჭერა 7.5%-ით შეუმცირდათ.

ლანდტაგში ვერ ხვდება "მემარცხენე პარტია", რომელიც ხმების 2%-ს იღებს.

2017-2022 წლებში ნორდრაინ-ვესტფალიას ქრისტიან-დემოკრატებისა და თავისუფალი დემოკრატების ცენტრისტული-მემარჯვენე კოალიცია მართავდა.

თავისუფალი დემოკრატების მხარდაჭერის კლების გამო ამ კოალიციის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა. ქრისტიან-დემოკრატებს კოალიციის შეკვრა სოციალ-დემოკრატებთან ან მწვანეებთან მოუწევთ.

თეორიულად ისიც შესაძლებელია, რომ ახალი კოალიცია ქრისტიან-დემოკრატების გარეშე, სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის შედგეს, ხოლო თუ თავისუფალი დემოკრატები ბარიერს ვერ გადალახავენ, სოციალ-დემოკრატებსა და მწვანეებს შორის.

მსგავსი სიახლეები