გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას მხარი დაუჭირა
გერმანიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, Leopard 2-ის ტანკებისთვის და Puma-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალის შეძენა დაამტკიცა.
ამ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე ძირეულად შეცვალა უსაფრთხოების პოლიტიკის სფერო. ეს გვაიძულებს დამატებითი საბრძოლო მასალა შევიძინოთ - როგორც გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
უკრაინა თავისი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის Panzerhaubitz 2000-ის და Leopard 2-ის გამოყენებით. 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებისა და 120 მმ-იანი საბრძოლო ტანკის ჭურვების საჭიროება გერმანიის დახმარებით დაკმაყოფილებულია." - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, ბუნდესვერის საწყობებიდან უკრაინამ მნიშვნელოვანი რაოდენობით საბრძოლო მასალა უკვე მიიღო.
სამინისტროს თქმით, ბუნდესვერის თითოეული შესყიდვის პროექტი, რომლის მოცულობაც 25 მილიონ ევროზე მეტია, ხელშეკრულების გაფორმებამდე გერმანიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს.