გერმანიამ დრონების საწინააღმდეგო ლაზერული იარაღი წარმატებით გამოსცადა
გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების და რაკეტებისგან დასაცავად ლაზერული იარაღის პირველი ტესტები ჩაატარეს. გერმანულ ფრეგატ "საქსონიაზე" ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ლაზერი მოძრავ სამიზნეებს "შეიძლება წარმატებით გაუმკლავდეს საბრძოლოს მსგავს პირობებში". ამის შესახებ ბუნდესვერის აღჭურვილობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და მხარდაჭერის ფედერალურმა ოფისმა (BAAINBw) 27 ოქტომბერს განაცხადა.
BAAINBw-ის თქმით, ტესტებმა საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის საზღვაო ძალებისთვის ოპერატიული ლაზერული იარაღის სისტემის შესაძლო განვითარებას.
მოწყობილობა დამონტაჟებულია საზღვაო გადაზიდვის კონტეინერში და მოიცავს სამიზნეების აღმოჩენისა და მონაცემთა დამუშავების სისტემებს, ასევე ლაზერს. მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სისტემა განსაკუთრებით შესაფერისია მცირე და მოძრავ სამიზნეებთან საბრძოლველად.
გარდა ამისა, შესაძლებელია მისი ნაღმტყორცნების ჭურვებისა და მართვადი რაკეტებისგან დასაცავად გამოყენება.
პროექტზე მუშაობაში ჩართული იყო ევროპული თავდაცვის კომპანია MBDA და გერმანული საინჟინრო კონცერნი Rheinmetall. მათი თქმით, ტესტებში, რომლებიც აგვისტოს ბოლოს შლეზვიგ-ჰოლშტაინში ჩატარდა, ბუნდესვერის საწვრთნელ მოედანზე, სისტემამ წარმატებით გამოავლინა თავი ახლო მანძილზე მოქმედი დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში. შემდგომი ტესტები 2023 წლის შუა რიცხვებამდე ჩატარდება.