გერმანიამ პირველად მიიღო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია
გერმანიის მთავრობამ პირველად შეიმუშავა გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია.
14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონცეფცია მიღებულია უსაფრთხოების სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, როგორც საერთო სისტემური მიდგომის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას სამ ძირითად სფეროში: თავდაცვისუნარიანობა, მედეგობა და გამძლეობა.
"ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანად და თავისუფლად ცხოვრება. ამ მიზნით, ჩვენ ურყევად ვართ ნატოსა და ევროკავშირის ერთგული და ვაძლიერებთ ბუნდესვერს (გერმანიის შეიარაღებული ძალები - რედ.) მისი მთავარი მისიის შესასრულებლად - ქვეყნისა და ალიანსის დაცვა," - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტის თანახმად, გერმანია თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-მდე გაზრდას გეგმავს, ხოლო ბუნდესვერი ევროპაში კონვენციური თავდაცვის ძალების საფუძვლად არის დასახელებული.
კონცეფციაში ასევე აქცენტი კეთდება გერმანიის კიბერნეტიკური და კოსმოსური პოტენციალის გაფართოებაზე, ჯაშუშობისა და დივერსიის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული ტექნოლოგიური ბაზის გაძლიერებაზე.
სტრატეგიაში ასევე საუაბრია ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებაზე: "ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას და გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების, უკრაინის, მოლდოვის და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჩათვლით."