გერმანიამ უკრაინას კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა Iris-T გადასცა - Spiegel
პარასკევს, უკრაინამ, კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა Iris-T მიიღო გერმანიიდან.
ამის შესახებ გერმანული Spiegel თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, პარასკევს, გერმანიიდან უკრაინაში კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა Iris-T ჩავიდა. მასთან ერთად, უკრაინას უკვე ექნება ოთხი ასეთი საშუალო და ერთი მოკლე დისტანციაზე მოქმედი სისტემა.
გერმანულმა სისტემამ დაამტკიცა, რომ ძალზე ეფექტურია უკრაინის დიდი ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში.
თვის შუა რიცხვებში უკრაინაში გერმანიის ელჩმა თქვა, რომ მაისის ბოლოს უკრაინა კიდევ ერთ IRIS-T-ს მიიღებდა.
საერთო ჯამში, გერმანია უკრაინას ცხრა IRIS-T SLM-ს და თერთმეტ IRIS-T SLS-ს დაჰპირდა.
თუმცა, გამოწვევაა არა მხოლოდ ამ სისტემების წარმოება, არამედ მათი რაკეტებისაც - მწარმოებელი ვერ ახერხებს ომისთვის საჭირო ტემპით მათ დამზადებას.
ხუთშაბათს, ბერლინმა უკრაინისთვის გადაცემული ახალი სამხედრო დახმარების სია გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავდა საარტილერიო ჭურვებს, Leopard 1-ის ტანკებს, ტყვიამფრქვევებს, დრონებს და საბრძოლო მასალას.