გერმანიაში გადატრიალების დაგეგმვაში ჩართულ პოლიტიკური ჯგუფებს 23 ათასი წევრი ჰყავთ
პოლიტიკური ჯგუფების, "რაიხის მოქალაქეების" (Reichsbürger) და "თვითმმართველობის" (Selbstverwalter) წევრების რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა ჩართული იყვნენ გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში, 23 ათას ადამიანს აღწევს. ამ ინფორმაციას გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტრო აცხადებს, რომ ექსტრემისტად მხოლოდ მათი მცირე ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს. ამ ჯგუფებს შორის არსებობს იდეოლოგიური და სხვა წინააღმდეგობები, მათი წევრები ხშირად ხელმძღვანელობენ კონსპირაციული და წინააღმდეგობრივი შეთქმულების თეორიებით.
გერმანელი სამართალდამცავების თქმით, ამ 23 ათასიდან მხოლოდ 1250 ადამიანი მიეკუთვნება მემარჯვენე ექსტრემისტულ ფრაქციებს.
ასევე, მათ შორის იარაღი ლეგალურად 500-მა ადამიანმა შეიძინა, სულ მცირე 1050-ს კი წარსულში გაუუქმდა იარაღის ფლობის უფლება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ ჯგუფების მიერ შექმნილ საფრთხეს, "რადგან ძალადობის ალბათობა ძალიან მაღალია".