გერმანიის ელჩი რუსულ კანონზე: შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან
გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი, გამოეხმაურა კანონპროექტს "უცხოური გავლენის" შესახებ.
გერმანიის ელჩმა გააზიარა განცხადება, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირმა გაავრცელა თებერვლის ბოლოს.
პეტერ ფიშერი წერს, რომ რუსული ყაიდის კანონპროექტი ევროკავშირთან შეუსაბამოა:
"ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის პოზიცია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის შესახებ იგივე რჩება: კანონის მიღება შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან."
საქართველოს მთავრობა "უცხოური გავლენის" შესახებ ახალი კანონის მიღებას გეგმავს, რომელიც შინაარსობრივად რუსულ და უნგრულ ანალოგებს ემთხვევა.
თავის მხრივ, უნგრული კანონი, რომელშიც რუსული ვერსიიდან ზოგიერთი მუხლი პირდაპირ იყო გადათარგმნილი, მოგვიანებით ევროსასამართლომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუთავსებლად სცნო.
შედეგად, უნგრეთის მთავრობას კანონის გაუქმება მოუწია.