გერმანიის გაზის მარაგი მოსალოდნელზე სწრაფად ივსება

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, ქვეყნის გაზის მარაგი მოსალოდნელზე სწაფად ივსება.

რობერტ ჰაბეკმა DER SPIEGEL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მომარაგებული ბუნებრივი აირის მოცულობამ მთავრობის სამიზნე მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, სექტემბრის დასაწყისში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მარაგის მოცულობის 85% შეივსოს, რაც თავდაპირველი გეგმით ოქტომბრისთვის იგეგმებოდა.

ევროპული ოპერატორების ჯგუფის მონაცემებით, უკვე შევსებულია მარაგის 82%. შემდეგი მიზანი პირველი ნოემბრისთვის 95%-მდე შევსება იქნება, რაც არსებული ტემპით, შეიძლება, აგრეთვე ვადაზე ადრე მოხერხდეს.

2021 წელს გერმანიის გაზის იმპორტის 55% რუსეთზე მოდიოდა. მიმდინარე თვეში ეს მაჩვენებელი 9.5%-მდე ჩამოვიდა.

ამ ეტაპისთვის გერმანიამ რუსული იმპორტი ნორვეგიული და ჰოლანდიური გაზით ჩაანაცვლა. ახლო მომავალში გერმანელები საფრანგეთიდან თხევადი გაზის იმპორტის დაწყებასაც ელიან.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის თქმით, მიმწოდებელ კომპანიებს საშუალება ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში ენერგია ქვეყნის გაზის მარაგიდან მიიღონ. რობერტ ჰაბეკს იმედი აქვს, რომ ამგვარად ქვეყანა მომავალ ზამთარს სათანადოდ გაუმკლავდება.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები