გერმანიის პრეზიდენტმა მთავრობა მოსახლეობასთან ცუდი კომუნიკაციის გამო გააკრიტიკა
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თვლის, რომ ფედერალური მთავრობის ცუდმა კომუნიკაციამ კოალიციური პარტიების, განსაკუთრებით კი მისი სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგის დაცემა გამოიწვია.
ამის შესახებ მან Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
შტაინმაიერის თქმით, ფედერალურ კოალიციაში შემავალი სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატების და მწვანეების რეიტინგის შემცირება არა მხოლოდ არაპოპულარული გადაწყვეტილებების, არამედ თავად მთავრობის ქმედებების შედეგი იყო.
"თუ მთავრობისადმი ნდობა ეცემა, ეს ასევე გამოწვეულია იმით, რომ გადაწყვეტილებები არ იყო საკმარისად სწორად მიწოდებული ან დაჩრდილულია შიდა დავებით, რომლებიც გარეთ გადის. მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს ამის გაუმჯობესებით," - თვლის გერმანიის პრეზიდენტი.
სუბსიდიების მოხსნის გამო გერმანელი ფერმერების პროტესტის კომენტირებისას, შტაინმაიერმა ფედერალურ მთავრობას მოუწოდა დაუყონებლივ დაიწყოს მათთან მოლაპარაკებები, რადგან ამის არარსებობა "ზიანს აყენებს ყველას."
მან მაგალითად მოიყვანა თავისი ხშირი ვიზიტები გერმანიის პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ხალხის პრობლემების მოსასმენად.
"ზოგჯერ გვეხმარება უბრალოდ მივიდეთ და ვთქვათ, რომ ხალხის მოსმენა გვინდა," - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, გერმანიის კანცლერის მოწონების რეიტინგი მკვეთრად დაეცა: შოლცმა 26% მიიღო, რაც 10%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.