ბერბოკი: პუტინი თავის ქვეყანას ანადგურებს
ევგენი პრიგოჟინის აჯანყებამ აჩვენა, რომ უკრაინაში ომის წარმოებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკუთარ ქვეყანას ანადგურებს. ეს მოსაზრება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა სამხრეთ აფრიკაში 27 ივნისს გამოთქვა.
ამბოხების კომენტირებისას ბერბოკმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის "რუსეთის შიდა საქმე", ევროპა და გერმანია მასში არ ერევიან, თუმცა ფედერალური მთავრობა "ძალიან ყურადღებით აკვირდება სიტუაციას."
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვაგნერის დაქირავებულთა აჯანყება ცხადყოფს, რომ უკრაინაში ომით პუტინი "ანადგურებს თავის ქვეყანას" და "რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს."
პრიგოჟინის აჯანყების მცდელობაზე ბერბოკმა კომენტარი ერთი დღით ადრეც გააკეთა და თქვა, რომ რუსეთში მოვლენების განვითარება გრძელდება და ჯერ კიდევ არ არის სრულიად ნათელი, რა ხდება ქვეყანაში.
მან აღნიშნა, რომ ის, რაც შაბათ-კვირას მოხდა, აშკარად მხოლოდ "ერთი მოქმედება იყო ამ რუსულ დრამაში."