გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სი ძინფინგს დიქტატორი უწოდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა პარასკევს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს დიქტატორი უწოდა.
ამის შესახებ Politico წერს.
"ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება," - განუცხადა ბერბოკმა Fox News-ს პარასკევს, კითხვაზე, თუ როგორ ხედავს გერმანიის მთავრობა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომის დასასრულს.
"თუ პუტინი ამ ომს მოიგებდა, რა ნიშანი იქნებოდა ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი, ჩინეთის პრეზიდენტი? ამიტომ, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი." - თქვა ბერბოკმა.
მისი განცხადება პეკინსა და ბრიუსელს შორის ბოლოდროინდელ სავაჭრო დაძაბულობას მოჰყვა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ჩინეთის მიერ ელექტრომობილების სუბსიდიებზე გამოძიებას დაიწყებს.
სი ძინფინგს დიქტატორი ჯო ბაიდენმაც უწოდა, როდესაც ჩინურ ჯაშუშურ საჰაერო ბურთზე საუბრობდა, რომელიც აშშ-მა წლის დასაწყისში ჩამოაგდო.