ღაზაში ჰუმანიტარული ორგანიზაციის 7 თანამშრომელი დაიღუპა
ღაზას სექტორში, ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდასხმის დროს საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. IDF-მა "ტრაგიკულ ინციდენტზე" გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ BBC ორგანიზაციის დამფუძნებელზე დაყრდნობით წერს, რომელმაც სექტორში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
გარდაცვლილები ავსტრალიის, ბრიტანეთის და პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ, ასევე პალესტინელები და აშშ-კანადის ორმაგი მოქალაქეები. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ღაზას სექტორში ჯავშანმანქანით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც WCK-ის ლოგო ჰქონდა.
WCK-მა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებთან მოქმედებების კოორდინაციის მიუხედავად, კოლონას ცეცხლი ისრაელელმა სამხედროებმა ქალაქ დეირ ელ-ბალახში საწყობიდან გამოსვლისას გაუხსნეს, 100 ტონაზე მეტი სასურსათო ჰუმანიტარული დახმარების გადმოტვირთვის შემდეგ.
World Central Kitchen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერინ გორიმ განაცხადა: "ეს არ არის მხოლოდ WCK-ზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე."
WCK-ის დამფუძნებელმა ხოსე ანდრესმა თქვა, რომ მისი კოლეგები "IDF საჰაერო თავდასხმის შედეგად" დაიღუპნენ. მან WCK 2010 წელს შექმნა, როდესაც მიწისძვრის შემდეგ ჰაიტიში მზარეულები და საკვები გაგზავნა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ უმაღლეს დონეზე საფუძვლიანი გამოძიება დაიწყეს, რათა დადგინდეს ამ "ტრაგიკული ინციდენტის" გარემოებები.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლების დაღუპვას "ღრმად შემაშფოთებელი" უწოდა.