გუდკოვი სამხარაძეს: აფხაზეთის აღიარებას ხმას ვერ მივცემდი, დეპუტატი 2011 წელს გავხდი

 

რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებებს პასუხობს ქვეყანაში მის არშემოშვებასთან დაკავშირებით. გუდკოვი ფეისბუქზე ვიდეომიმართვას აქვეყნებს

"როგორც იქნა მივიღე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პასუხი. ვციტირებ ნიკოლოზ სამხარაძეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ მე არ შემომიშვეს, რადგან რუსეთის დუმის იმ მოწვევის დეპუტატი ვიყავი, რომელმაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ნავალნიმ შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს 2008 წელს. აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთის დუმამ 2008 წელს აღიარა და დეპუტატი მე 2011 წელს გავხდი. ოკუპაციის შესახებ კანონის მიღების შემდეგ მე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არც ერთხელ არ ვყოფილვარ, რადგან პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. განსხვავებით რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვისა, რომლის პარტიამაც მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

მე დმიტრი გუდკოვი მქვია და არა ალექსანდრ ნავალნი. ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს თავი მოაწონოს პუტინს. სააკაშვილის ციხეში ჩასმა საკმარისი არ არის, საჭიროა სხვა რიტუალური ჟესტები." - აცხადებს გუდკოვი.

გარდა ამისა, მან ნიკოლოზ სამხარაძეს კითხვით მიმართა: "ლუბოვ სობოლიც რუსეთის დუმის დეპუტატი იყო? იგორ კოჩეტკოვსაც ნავალნი ჰქვია? შეგახსენებთ, რომ ისინიც არ შემოუშვეს საქართველოში."

ბოლოს გუდკოვმა ქართველ ხალხსაც მიმართა: "საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს ვცემ, ქართველ ხალხსაც და მის მისწრაფებებს ევროპისკენ."

______________________

2022 წლის 31 იანვარს გუდკოვმა თბილისის აეროპორტიდან ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ თბილისში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. 

რუსმა ოპოზიციონერმა და კრემლის კრიტიკოსმა სამშობლო 2021 წლის ივნისში მას შემდეგ დატოვა, რაც მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა.

მსგავსი სიახლეები