Haaretz: ისრაელი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას დათანხმდა

ისრაელი უკრაინისთვის მოკავშირე ქვეყნების გავლით საკუთარი შეიარაღების გადაცემას დათანხმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Haaretz საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ისრაელის მთავრობამ გადაწყვეტილება აშშ-სგან მომდინარე წნეხის შედეგად მიიღო. წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი დაჟინებით მოუწოდებდა ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გაეფართოებინათ უკრაინის დახმარების პროგრამა და არ შემოფარგლულიყვნენ მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით. 

ამგვარად, ისრაელმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს მისცა უფლება უკრაინისთვის გადაეცათ შეიარაღება, რომელიც ისრაელში დამზადებულ ტექნოლოგიებს შეიცავს. მაღალი ალბათობით, საუბარია დიდ ბრიტანეთზე. 

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ისრაელი დათანხმდა, დააფინანსოს უკრაინის სამხედრო ოპერაციებისთვის აუცილებელი "სტრატეგიული მასალები", რომელთა ღირებულება ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენს. 

რა შეიარაღებაზე შეიძლება იყოს საუბარი?

ისრაელის შეიარაღების ექსპორტში უკვე ათწლეულებია მოწინავე ადგილზე ქვეყნის მიერ წარმოებული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატება, რომელიც მთელ მსოფლიოში მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. 

სტოკჰოლმის მშვიდობის ინსტიტუტის მონაცემებით, 1985-2014 წლებში მსოფლიოში გაყიდული სადაზვერვო დრონების 60% ისრაელში იყო წარმოებული. მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ისრაელში წარმოებული სხვადასხვა კონტროლირებადი მოდულები, სარადარო და სენსორული სისტემებიც.

შესაძლოა, საუბარი იყოს Orbiter 2M-ის და Aerostar-ის სადაზვერვო დრონებზე, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადაზვერვო აპარატებად მიიჩნევა. მაღალი მოთხოვნით სარგებლობს IAI Harop-ის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონი, რომელსაც მტრის სტრატეგიულ სიღრმეში ოპერირება შეუძლია. 

კიდევ ერთი პოპულარული შეიარაღება SPIKE-ის ტიპის დანადგარია, რომელიც Rafael-ის სახელით ცნობილი ანტი-სატანკო სისტემების ოჯახის წევრია. SPIKE ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ისრაელური შეიარაღებაა, რომელთა წარმოებაც ლოკალიზებულია ნატოს რამდენიმე წევრ სახელმწიფოში, რომლებიც ჩართულები არიან უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამაში. 

ასევე ცნობილია ისრაელის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის მიერ შემუშავებული საბჭოთა შეიარაღების მოდერნიზაციის პროგრამები - ადგილობრივი კომპანიების ახდენენ საბჭოთა წარმოების T72-ის ტიპის ტანკების მოდერნიზაციას და მათი ეფექტურობის გაზრდეს. 

გარდა ამისა, ცნობილია ისრაელში არსებული საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავების Mig-29 და Mig-21-ის მოდერნიზაციის პროგრამა, რომელსაც კომპანია Elbit ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები