ჰამასის სპიკერი: ბევრი მძევალი მოკლულია
ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის სპიკერმა აბუ ობიედამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში მყოფი მძევლებიდან "ბევრი" მოკლულია და ამაში მან ისრაელი დაადანაშაულა.
"მრავალი მძევლის ბედი გაურკვეველი გახდა ბოლო კვირების განმავლობაში და დანარჩენი ყველა უცნობ გვირაბებში იმყოფებიან სიონისტური აგრესიის გამო," - თქვა აბუ ობეიდამ სატელევიზიო განცხადებაში. "სავარაუდოდ, ბევრი მათგანი მოკლეს ბოლო დროს, დანარჩენებს ყოველწამიერად დიდი საფრთხე ემუქრებათ და მტრის ხელმძღვანელობასა და არმიას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა."
მისი თქმით, "ნებისმიერი მოლაპარაკება ისრაელის აგრესიის შეჩერებამდე უსარგებლოა."
აბუ ობეიდამ ასევე აღნიშნა, რომ ჰამასს "წინააღმდეგობის ფრონტზე მყოფმა რამდენიმე მხარემ განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში ისინი ისრაელზე დარტყმებს გააფართოვებენ."
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შედეგად ღაზაში 240 ადამიანი გაიტაცეს. ამჟამად ჰამასის ტყვეობაში 132 ადამიანი იმყოფება, თუმცა მათგან რამდენია ცოცხალი, უცნობია.