ჰეგერი: უკრაინის მიმართვის შემდეგ, სლოვაკეთი MiG-29-ებზე მოლაპარაკებებს დაიწყებს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ სლოვაკური MiG-29-ების მიღებაზე უკრაინის ოფიციალური მოთხოვნის შემდეგ, ქვეყანას შეუძლია ევროკომისიასთან მოლაპარაკება დაიწყოს გამანადგურებლებების გადაცემის პირობებზე.
პრესკონფერენციაზე ჰეგერმა აღნიშნა, რომ ექსპლუატაციიდან გამოსულ MiG-29-ებს უკრაინაში სიცოცხლეების გადარჩენა შეუძლიათ.
მან ასევე სლოვაკური პარტია Smer-SD-ს ლიდერს, რობერტ ფიკოს უპასუხა, რომელმაც MiG-29-ების უკრაინაში გაგზავნას არაკონსტიტუციური უწოდა და ხელისუფლებას უკრაინელებისთვის საბნების გაგზავნა შესთავაზა.
"საბნების გაგზავნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კვდებიან, სრული ცინიზმია", - თქვა ჰეგერმა და აღნიშნა, რომ ფიკოს პოლიტიკამ შესაძლოა სლოვაკეთი ათწლეულებით უკან დააბრუნოს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გაიხსენა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ქვეყანამ უკვე მიიღო დასავლური ტანკები და საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot - "უფრო მეტიც, ნებისმიერი დახმარების სანაცვლოდ, რომელსაც უკრაინას ვუგზავნით, ვითხოვთ ფულს ევროპის მშვიდობის ფონდიდან."
თავის მხრივ, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ აღნიშნა, რომ უკრაინის დაცვა სლოვაკეთის ეროვნული ინტერესია. ხოლო თუ ბრატისლავა უკრაინას გამანადგურებლებს გადასცემს, ის მიიღებს გარკვეულ მატერიალურ თუ ფინანსურ კომპენსაციას.