იაპონია სამხედრო ხარჯებს რეკორდულად ზრდის
იაპონია თავდაცვითი პოტენციალის გასაძლიერებლად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 320 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
იაპონია თავდაცვის ხარჯებით მსოფლიოში მესამე ადგილზე იქნება აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ. სტრატეგია 2027 წლისთვის სამხედრო ხარჯების მშპ-ს 1-დან 2%-მდე ზრდას ითვალისწინებს. როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, მომავალ წელს იაპონიის სამხედრო ხარჯები მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 57%-ით გაიზრდება.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ, ახალი გეგმის კომენტირებისას, ამ ნაბიჯს ქვეყნის "გარდამტეხი წერტილი" უწოდა. მისი თქმით, სამხედრო ძლიერების ზრდა არის "პასუხი უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევებზე", რომელიც იაპონიის წინაშე დგას.
Reuters წერს, რომ იაპონიის მთავრობის გეგმებზე გავლენა იქონია რუსეთის უკრაინაში შეჭრის პრეცედენტმა, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს ჩინეთმა ტაივანზე თავდასხმისთვის. უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში ქვეყანა ჩინეთს განიხილავს, როგორც "უდიდეს სტრატეგიულ გამოწვევას", ხოლო რუსეთს, როგორც "უდიდეს უსაფრთხოების საზრუნავს".