იაპონია უკრაინას 2023 წელს $3.5 მილიარდის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
2023 წლის განმავლობაში იაპონია უკრაინას 3.5 მილიარდი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს.
ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრის, სერგეი მარჩენკოს და მისი იაპონელი კოლეგის, სუნიჩი სუზუკის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
სუზუკიმ დაადასტურა, რომ იაპონიის მთავრობა 2023 წლის განმავლობაში უკრაინისთვის 3.5 მილიარდი დოლარის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის გაგზავნას გეგმავს. ამ თანხით შესაძლებელი იქნება სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დაფინანსება.
რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, იაპონიამ უკრაინას უკვე 581 მილიონი დოლარი გამოუყო.
ამასთან, მხარეებმა განიხილეს უკრაინის ბიუჯეტის საჭიროებები.
მარჩენკომ აღნიშნა, რომ 2023 წელს სწრაფი აღდგენისთვის, უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერას ეყრდნობა.
იაპონიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაუჭირონ უკრაინას რეკონსტრუქციაში, კერძოდ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA-სთან პოტენციური ერთობლივი პროექტებით.