იორდანია: ისრაელის სამხედრო ოპერაციას ეპიკური მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვება

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აიმან საფადიმ განაცხადა, რომ ისრაელმა "ღაზაში სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო."

ისრაელს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ აძლიერებენ საჰაერო იერიშებს და სახმელეთო ძალების მოქმედება ღამით გაფართოვდება.

საფადიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგი "მომავალი წლების განმავლობაში ეპიკური მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება."

მან საერთაშორისო საზოგადოებას გაეროში იორდანიის რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

"მილიონები ადევნებენ თვალს ყოველ ხმას. თქვენ ისტორია განგსჯით," - აღნიშნა საფადიმ.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარასკევს დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ისრაელ-ჰამასის ომში "გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ" მოწოდებას ახმოვანებს.

რეზოლუცია არასავალდებულოა, მაგრამ მას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ჩიხშია შესული ომთან დაკავშირებით ზომების მიღებაში.

გაეროს უშიშროების სამჭომ ღაზაში ომთან დაკავშირებით რამდენიმე რეზოლუცია ვერ მიიღო, რადგან მათ ვეტო დაადო აშშ-მა ან რუსეთმა და ჩინეთმა.

გენერალურმა ასამბლეამ პარასკევის რეზოლუცია 120 ხმით დაამტკიცა 14 წინააღმდეგ, 45 ქვეყანამ კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია მხარეებს მოუწოდებს "დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ, რომელიც საომარი მოქმედებების შეწყვეტას გამოიწვევს."

ასევე რეზოლუცია მხარეებს მოუწოდებს "ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომელიც უკანონოდ იმყოფება ტყვეობაში."

რეზოლუცია არ გმობს ჰამასს 7 ოქტომბრის ტერაქტის გამო. მასში ჰამასი ნახსენები საერთოდ არ არის.

მსგავსი სიახლეები