ირანი აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას განიხილავს

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ- აბდოლაჰანიანი აცხადებს, რომ თეირანი ვაშინგტონთან ორმხრივი დიალოგისთვის მზადაა, თუ ბირთვული შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები „საკმარისად“ წინ წაიწევს.

ბირთვული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში, რომელიც გასული წლის ნოემბერში განახლდა, ირანის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ამერიკული დელეგაცია შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა ვენაში აშშ-ს წარმომადგენელი დასავლელ მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციებს გადის.

აქამდე ირანი აშშ-სთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას გამორიცხავდა.

„პირდაპირი შეხვედრა უფრო ეფექტიანი კომუნიკაციის საშუალებას მოგვცემს, რაც ბირთვული შეთანხმების სწრაფად დასაბრუნებლად აუცილებელია“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა.

გასულ თვეში აშშ-ს სპეციალურმა წარგზავნილმა ირანის საკითხებში, რობერტ მალიმ განაცხადა, რომ ამერიკელები ირანელ კოლეგებთან მოსალაპარაკებლად „ნებისმიერ დროს არიან მზად“.

ბირთვული შეთანხმება, რომელიც თეირანის ატომური ამბიციების შეზღუდვას ისახავდა მიზნად ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ 2015 წელს გაფორმდა აშშ-ს, ირანს, რუსეთს, ჩინეთს, გერმანიას და საფრანგეთს შორის.

2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმებაში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა ირანისთვის ბირთვული კონტროლის უფრო მკაცრი მექანიზმების დაწესებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები