ირანი ბირთვულ შეთანხმებაზე: ევროკავშირის წარმოდგენილი ტექსტი ‘მისაღებია’

მაღალი თანამდებობის ირანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების ტექსტის ვერსია, რომელიც ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ წარადგინა, თეირანისთვის „მისაღებია“.

„შეთავაზება მისაღებია, თუ ის გარანტიებს მოგცემს“, - განაცხადა დიპლომატმა, რომლის ვინაობა არ მჟღავნდება, ირანულ სამთავრობო მედია-სააგენტო IRNA-სთან საუბარში.

8 აგვისტოს ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2015 წელს დადებული ბირთვული ხელშეკრულების აღსადგენად ტექსტის „საბოლოო ვერსია“ ირანის დელეგაციას გადასცა.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ ტექსტის რედაქცია „გადასინჯვას არ ექვემდებარება“ და მხარეებისგან საბოლოო პასუხს „უახლოეს კვირებში“ ელოდებიან.

ბირთვული შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები გასული წლის ნოემბერში ვენაში დაიწყო. მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, მას შემდეგ, რაც დოჰაში ირანის და აშშ-ს დელეგაციებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

თეირანი ვაშინგტონისგან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტების სიიდან ამოღებას სთხოვდა.

ამასთან, ირანი ხელშეკრულების დადების შემდეგ „გარანტიას“ მოითხოვს, რომ სხვა მხარეები შეთანხმებას არ დატოვებენ.

2018 წელს შეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა, რის შემდეგაც თეირანმა ურანის დასაშვებზე უფრო მეტად გამდიდრება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები