ირანი: ბირთვული შეთანხმების ტექსტის ‘საბოლოო’ ვარიანტს განვიხილავთ, რომელიც EU-მ მოამზადა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების ტექსტის „საბოლოო“ ვარიანტს განიხილავს, რომელიც ევროკავშირმა მოამზადა.

ინფორმაციას ირანული სამთავრობო პრეს-სააგენტო IRNA ავრცელებს.

მანამდე ევროკავშირის მაღალჩინოსანმა პრესასთან განაცხადა, რომ ბრიუსელმა შეთანხმების „საბოლოო“ ვარიანტი მოამზადა, რომელიც გადასინჯვას „არ ექვემდებარება“.

2015 წელს დადებული ბირთვული ხელშეკრულების აღსადგენად მოლაპარაკებები ვენაში 11 აგვისტოს განახლდება.

ნოემბერში დაწყებული მოლაპარაკებების სერია ჩიხში შევიდა, მას შემდეგ, რაც დოჰაში ამერიკულ და ირანულ დელეგაციებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

 

ბირთვული თანხმობიდან ბირთვულ ჩიხამდე 

გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმების აღდგენას ისახავს მიზნად, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

ივნისის დასაწყისში გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტომ ( IAEA) განაცხადა, რომ ირანი ბირთვული მონიტორინგის სქემით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

უწყების ინფორმაციით, თეირანმა ბირთვული ინფრასტრუქტურის პუნქტებზე 27 მონიტორინგის კამერის დემონტაჟი განახორციელა.

ირანმა ფორდოუს და ნათანზის სადგურებზე მაღალი კალიბრის ცენტრიფუგები განათავსა.

IAEA-ს დირექტორი რაფაელ გროსი მიიჩნევს, რომ ირანის ქმედებამ ბირთვულ შეთანხმებას „სასიკვდილო დარტყმა“ შეიძლება მიაყენოს.         

სააგენტოს თანახმად, ირანმა ურანი 60 პროცენტიან ნიშნულამდე გაამდიდრა, რაც ბირთვული იარაღისთვის საჭირო 90 პროცენტს უახლოვდება.

 

 

თეთრი სახლი: ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა წელს მოსალოდნელი არ არის

მსგავსი სიახლეები