ირანი ისრაელისთვის "მტკივნეული" პასუხის გაცემას გეგმავს - CNN

ირანი "განსაზღვრულ და მტკივნეულ" პასუხს გასცემს ისრაელის ბოლო თავდასხმას მის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ამის შესახებ CNN ოთხშაბათს, ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

კარგად ინფორმირებულმა წყარომ ტელევიზიას განუცხადა: "ირანის ისლამური რესპუბლიკის პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე იქნება საბოლოო და მტკივნეული."

ისრაელიდან წყაროებმა განაცხადეს, რომ ირანის თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელის პასუხი ბევრად მძიმე იქნება და სამიზნე ირანული ნავთობის და ბირთვული ობიექტები იქნება.

შაბათს დილით, 1 ოქტომბრის მასიური ბალისტიკური რაკეტების შეტევის საპასუხოდ, ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშები მიიტანა.

ერთსაათიანი ოპერაციისას ისრაელის ავიაციის ათობით თვითმფრინავმა, 1600 კილომეტრის დაშორებით, ირანის მასშტაბით სტრატეგიული სამხედრო ობიექტები დაბომბა - დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების საწარმოები და გამშვებები, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების ბატარეები - აფეთქებები დაფიქსირდა თეირანის, კარაჯის, ისპაჰანისა და შირაზის პროვინციებში.

თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ოთხშაბათს გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ ირანმა არ უნდა უპასუხოს ისრაელის თავდასხმებს.

"თუ ისინი ისრაელს თავს დაესხმებიან, ჩვენ მხარს დავუჭერთ თავის დაცვაში, მაგრამ მათ ეს არ უნდა გააკეთონ," - თქვა მან ბრიფინგზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე თქვა, რომ ის არ შეაფასებს "რა შეუძლია [ირანს] გააკეთოს ან არ გააკეთოს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ მათ არ უნდა უპასუხონ."

მილერმა თქვა, რომ ისრაელის დარტყმები იყო "შესაბამისი პასუხი ირანის უპრეცედენტო თავდასხმაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მისი დასასრული."

მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ვაშინგტონსა და თეირანს შორის რაიმე სახის კომუნიკაციაზე, მილერმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა "საჯაროდ გამოხატა - და შემიძლია გითხრათ, რომ ირანმა ეს მესიჯი საკმაოდ ნათლად იცის - მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააგრძელონ კონფლიქტის ესკალაცია."

შეერთებულმა შტატებმა ისრაელში თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა THAAD განათავსა, ირანის შემდგომი თავდასხმებისგან ქვეყნის დაცვის მიზნით.

მსგავსი სიახლეები