აშშ ისრაელში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა THAAD-ს განათავსებს
პენტაგონმა ისრაელში THAAD-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების შესახებ გამოაცხადა.
ენტაგონის პრესსპიკერის, პეტ რაიდერის განცხადების თანახმად, ჯო ბაიდენის ბრძანებით, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა დაამტკიცა THAAD-ის ბატარეის ისრაელში განთავსება, ისრაელის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ირანის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ.
პენტაგონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ THAAD-ის ბატარეა შეავსებს ისრაელის ინტეგრირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემას.
"ეს ქმედებები ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ურყევ ვალდებულებას დაიცვას ისრაელი და ისრაელში მცხოვრები ამერიკელები ირანის შემდგომი ბალისტიკური რაკეტების თავდასხმისგან," - ნათქვამია განცხადებაში.
პენტაგონმა გადაწყვეტილებას უწოდა "უფრო ფართო ცვლილებების ნაწილი, რომელიც აშშ-ს არმიამ ბოლო თვეებში მიიღო ისრაელის თავდაცვის გასაძლიერებლად და ამერიკელების დასაცავად ირანისა და ირანთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმებისგან."
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატები THAAD-ის ბატარეას რეგიონში გაგზავნის.
გასულ წელს, 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელი ჯარისკაცების დასაცავად THAAD ბატარეის ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის ბრძანება გასცა.
1 ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
თეთრმა სახლმა მაშინ გამოაცხადა, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვება ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმას.