ირანის სულიერი ლიდერი აშშ-სთან დაძაბულობის განმუხტვაზე უარს ამბობს - Reuters

ირანის ახლმა უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ, უარყო აშშ-სთან დაძაბულობის შემცირებისა და ცეცხლის შეწყვეტის წინადადებები, რომლებიც თეირანს ორმა შუამავალმა ქვეყანამ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვითარების არსი: ხამენეის პოზიცია აშშ-სა და ისრაელზე შურისძიებასთან დაკავშირებით „ძალიან ხისტი და სერიოზული“ იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გამართულ მის პირველ სხდომაზე. წყაროს არ დაუკონკრეტებია, დაესწრო თუ არა ლიდერი შეხვედრას პირადად.

  • ანონიმურმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ უზენაესი ლიდერის თქმით, ახლა „არ არის მშვიდობის დრო, სანამ აშშ და ისრაელი მუხლებზე არ დაეშვებიან, არ აღიარებენ მარცხს და არ გადაიხდიან კომპენსაციას“.

მეორე მხარე: 14 მარტს Reuters-ის სამმა სხვადასხვა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეების მცდელობაზე, დაეწყოთ დიპლომატიური მოლაპარაკებები ირანის ომის დასასრულებლად.

ახალი სულიერი ლიდერი: კუვეითური გამოცემა Al-Jarida, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ მედიად მიიჩნევა, იტყობინება, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი დაჭრის შემდეგ მოსკოვში მკურნალობს.

პირდაპირი კონტაქტი: აშშ-ის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩის შორის პირდაპირი კომუნიკაციის არხი აღდგა. ეს მხარეებს შორის პირველი პირდაპირი კონტაქტია ომის დაწყებიდან  დღემდე.

  • ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, არაყჩიმ ვიტკოფს ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა, რომელთა მთავარი თემა ომის დასრულება იყო.

აშშ-ის პოზიცია: ორშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანი აშშ-სთან კონტაქტზე გამოვიდა, თუმცა ეჭვი გამოთქვა მათი უფლებამოსილების შესახებ.

  • „მათ გარიგება სურთ. ისინი ჩვენს ხალხს ელაპარაკებიან... გვყავს ხალხი, ვისაც მოლაპარაკება სურს, [მაგრამ] წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ისინი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
  • მიუხედავად სკეპტიციზმისა თეირანის მზაობასთან დაკავშირებით, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანელებთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის.
  • პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანში გადაწყვეტილების მიმღები პირების ვინაობა ბუნდოვანია, რადგან ბევრი მაღალჩინოსანი მოკლულია.
  • მან ისიც ახსენა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, საჯაროდ არ ჩანს და შესაძლოა, ისიც მკვდარია.

კონტექსტი: აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ უკვე მესამე კვირაა გრძელდება. დაღუპულია სულ მცირე 2,000 ადამიანი და კონფლიქტის დასრულების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

  • ჰორმუზის სრუტე კვლავ ძირითადად ჩაკეტილია. აშშ-ის მოკავშირეებმა უარი თქვეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნაზე - დახმარებოდნენ სრუტის გახსნაში, რამაც ენერგორესურსებზე ფასების ზრდა და ინფლაციის შიში გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები