ირანის უკანასკნელი შაჰის შვილი ისრაელს ეწვია

ირანის უკანასკნელი შაჰის შვილი, ირანის ოპოზიციის ლიდერი რეზა ფეჰლევი ისრაელს ეწვია. ამის შესახებ The Times of Israel წერს.

რეზა ფეჰლევმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი და ირანი "სტრატეგიულ პარტნიორობას" დაუბრუნდებიან, როგორც მისი მამის მმართველობის დროს იყო. 

დევნილობაში მყოფი პრინცი ირანში ისლამური რეჟიმის შეცვლას დიდი ხანია ითხოვს.

"მე ვიცი, რომ ირანისა და ისრაელის მოქალაქეები ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ვიყოთ სტრატეგიული პარტნიორები, ვიმუშაოთ ერთად, გადავჭრათ მრავალი პრობლემა," - თქვა მან ფრანგულ, ინგლისურ და სპარსულ ენებზე თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისი თქმით, უამრავი ირანალი დაიღუპა მსოფლიოსთვის იმის სათქმელად, რომ "ჩვენ ტერორისტები არ ვართ. რეჟიმი არის ტერორისტული. ჩვენ ნებისმიერი ერის მეგობრები ვართ, რომელიც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს თავისუფლებასა და დემოკრატიას."

ემიგრაციაში მყოფი ირანის მთავრობის თვითგამოცხადებული ხელმძღვანელი და ირანის ეროვნული საბჭოს დამფუძნებელი, ყველაზე მაღალი რანგის ირანელია, ვინც ისრაელს ეწვია.

ორშაბათს და სამშაბათს ფეჰლევი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ის ასევე იად ვაშემის ჰოლოკოსტის მუზეუმს და გოდების კედელს ეწვია. 

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანს და ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ. ისრაელი ირანის რეჟიმისთვის აშშ-სთან ერთად მთავარი მტრის ხატია.

ირანი ახლო აღმოსავლეთში ისრაელის მთავარი მოწინაღმდეგეა და აქტიურად უჭერს მხარს ტერორისტულ ორგანიზაციებს "ჰეზბოლას" და "ჰამასს."

ისრაელისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი ირანის ბირთვული პროგრამაა და "მოსადი" ქვეყნის ტერიტორიაზე პერიოდულად სპეცოპერაციებს ატარებს.

მსგავსი სიახლეები