ირანმა ერაყში აშშ-ს საკონსულოს სიახლოვეს სარაკეტო იერიში მიიტანა
13 მარტს ერაყის ქურთისტანში აშშ-ს საკონსულოსთან ახლოს განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა ირანმა აიღო.
ერბილის საკონსულო კომპლექსზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თეირანის განცხადებით, იერიში ცოტა ხნის წინ სირიაში ისრაელის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ განახორციელეს, რომლის შედეგადაც ირანის ელიტური სამხედრო დანაყოფის - რევოლუციის გუშაგთა კორპუსის - ორი წევრი დაიღუპა.
გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ სამიზნე ობიექტს ერბილში მყოფი ისრაელელი „ჯაშუში“ წარმოადგენდა.
ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტის „უხეში დარღვევა“ უწოდა და ირანის ელჩი დაიბარა.
„ერაყის მთავრობას და სხვა რეგიონულ პარტნიორებს ირანიდან მომდინარე მსგავსი საფრთხეების გამკლავებაში დავეხმარებით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა.
ისრაელის ოფიციალურ უწყებებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ანალიტიკოსების აზრით, სარაკეტო იერიშის გამო ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობების დაძაბვა ვენაში მიმდინარე ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებებზე იქონიებს გავლენას.
მოლაპარაკებები, რომელიც მიზნად ირანის და აშშ-ს ბირთვულ ხელშეკრულებაში დაბრუნებას ისახავს, რუსეთის მიერ გაჟღერებული მოთხოვნების გამოა შეჩერებული.
ირანმა რეგიონულ მეტოქესთან, საუდის არაბეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებიც შეაჩერა, რომლებიც ერაყში მიმდინარეობდა.