ირანში ანტისამთავრობო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - უფლებადამცველები

ირანში საპროტეტო აქციების სასწტიკად დარბევის შედეგად სულ მცირე 326 ადამიანი დაიღუპა. ასეთი სტატისტიკა 12 ნოემბერს ირანში არსებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ნორვეგიულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (IHRNGO) გამოაქვეყნა.

უფლებადამცველების მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა შორის 43 ბავშვი და 25 ქალია. დაღუპულ ბავშვებს შორის ცხრა გოგონა და სამი ავღანეთის მოქალაქეა.

მომიტინგეები მოკლეს 22 პროვინციაში, მათ შორის ყველაზე მეტი სისტანი და ბელუჯისტანი, თეირანი, მაზანდარანი, ქურთისტანი და გილანი.

ყველაზე მეტი ადამიანი 21, 22 და 30 სექტემბერს დაიღუპა. 4 ნოემბერი კი თვის ყველაზე სისხლიანი დღე იყო, ამ დღეს 16 ადამიანი მოკლეს.

უფლებადამცველებმა ასევე აღნიშნეს, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ათობით დემონსტრანტს ისეთი ბრალი წაუყენეს, რაც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

IHRNGO-მ დასძინა, რომ გამოქვეყნებული დაღუპულთა რიცხვი მინიმალურია, რადგან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომიტინგეების მკვლელობის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია. დაღუპულთა რეალური რაოდენობა სავარაუდოდ მეტია.

სექტემბრიდან ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო. 13 სექტემბერს ის თეირანში ოჯახთან ერთად ჩავიდა და ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავეს. ახლობლებს უთხრეს, რომ მას "განათლების სესიის" შემდეგ გაათავისუფლებდნენ. თვითმხილველების თქმით, ამინი დაკავებულთა ფურგონში სცემეს და დაკავებიდან სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციამ ცემა უარყო და განაცხადა, რომ სტუდენტი გულის შეტევით გარდაიცვალა. 17 სექტემბერს ამინი დაკრძალეს.

ირანში საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება.

მსგავსი სიახლეები