"ის მოსიარულე გვამს ჰგავდა", - ნაწყვეტები შუსტერის წიგნიდან ზელენსკის შესახებ

ბრიტანული Time-ის ჟურნალისტი საიმონ შუსტერი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ომის პირველი წლის შესახებ დაწერილ წიგნში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში პრეზიდენტისა და მისი გუნდის ასკეტურ ყოფას აღწერს. 

შუსტერის წიგნიდან ამონარიდებს ბრიტანული The Telegraph ავრცელებს

ერთ-ერთ ამონარიდში შუსტერი იხსენებს ზელენსკისთან ომის 55-ე დღეს გამართულ საუბარს - უკრაინის პრეზიდენტმა ჰკითხა თუ როდის აპირებდა წიგნის გამოქვეყნებას, რაზეც შუსტერმა უპასუხა, რომ ომის პირველი წლის დაფიქსირება სურდა და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებდა წიგნის ჩაშვებას - "თქვენ ფიქრობთ, რომ ომი 1 წელიწადში არ დასრულდება?"- ჰკითხა ავტორს ზელენსკიმ. 

ჟურნალისტი წიგნში წერს, რომ ზელენსკის ოფისმა მას პრეზიდენტთან დიდი დროის გატარების ნებართვა მისცა - "ეს ძალიან სურეალისტურად გამოიყურებოდა: საჰაერო განგაშის მიუხედავად, ჩვენ ვხუმრობდით, ვსვამდით ყავას, ეს შიშის და გამოფიტვის დრო იყო."

შუსტერი აღწერს პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ყოფას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში.

"არავინ ყოფილა სასოწარკვეთილი, მაგრამ ვითარება მძიმე იყო. საკვები ცოტა იყო, ტკბილეულს მხოლოდ თათბირებზე არიგებდნენ, ხოლო საერთო სამზარეულოში მხოლოდ ხორცის კონსერვები იყო. ერთ-ერთი მინისტრი მიყვებოდა როგორ გაძლო რამდენიმე დღე შოკოლადზე",- წერს ავტორი. 

შუსტერის ცნობით, ბანკოვას ქუჩაზე საპრეზიდენტო ბუნკერში გატარებული დიდი დროის შემდეგ ზელენსკის იერი შეიცვალა - მან ფერი დაკარგა და წუწუნებდა სუფთა ჰაერის და მზის შუქის ნაკლებობაზე. პრეზიდენტ ზელენსკის ერთ-ერთი თანაშემწე იხსენებს: "ის მოსიარულე გვამს ჰგავდა, შეუძლებელია ცოცხალი ადამიანი ასე გამოიყურებოდეს." 

ჟურნალისტი წერს, რომ დროთა განმავლობაში პრეზიდენტის ბუნკერში ვითარება დასტაბილურდა და ჩვეული რუტინის სახე მიიღო - "პირველი ვიდეოკონფერენციის დრომ დილის 7-ზე გადაიწია, ზელენსკის საუზმისთვის საკმარისი დრო გამოუჩნდა, საუზმე კი უცვლელად კვერცხი იყო. თანამშრომლებს მიაწოდეს ცხელი წყალი, თბილი საკვები, კარტოფილიანი ვარენიკები და გულიაში."

შუსტერი ზელენსკის ოთახის დეტალებსაც აღწერს - ავტორის მტკიცებით პრეზიდენტის ლოგინი საკმაოდ მომცრო ზომის იყო, რომლის გვერდითაც ჰანტელები და აზიდვების დანადგარი იდგა, რასაც პრეზიდენტი ღამის საათებში იყენებდა. "მოგვიანებით დადგეს პინგ-პონგის მაგიდაც, იშვიათად თუ შეძლებდა, ვინმე ზელენსკის დამარცხებას",- წერს ავტორი. 

ჟურნალისტის თქმით, ომის პირველ დღეებში გარემოცვის წევრები პრეზიდენტს ვალოდიათი მიმართავდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო ოფიციალურ ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩზე გადავიდნენ. 

შუსტერის თქმით, ომის პირველ დღეებში ზელენსკი ხშირად წუხდა იმაზე, რომ წინა კვირების განმავლობაში ამცირებდა რუსეთის სრულმასშტააბიანი შეჭრის საფრთხეს. წიგნში ნათქვამია, რომ ომის პირველ საათებში მთელი უკრაინის მასშტაბით ათეულობით ჩინოვნიკი გაქრა, განსაკუთრებით მაღალი იყო მოღალატეების რიცხვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (CБУ).

ავტორი წერს, რომ ზელენსკის გაქცევაში დახმარება რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა შესთავაზა, თუმცა თავად პრეზიდენტი ამგვარ წინადადებებს შუერაცხმყოფელად მიიჩნევდა - "უკვე დავიღალე."

პირადი უსაფრთხოების ნაცვლად ევროპელი ლიდერების ონლაინ შეხვედრაზე ზელენსკი ითხოვდა პასუხს კითხვაზე - "მიიღებენ თუ არა ოდესმე უკრაინას ნატოსა და ევროკავშირში."

შუსტერი იხსენებს პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად გათავისუფლებულ ხერსონში გამართულ ვიზიტსაც. პრეზიდენტის დაცვის სამსახური ამ ვიზიტის წინააღმდეგი იყო. შუსტერის კითხვაზე თუ რატომ მიემგზავრებოდა ხერსონში ზელენსკი პასუხობს - "ეს ხალხი 9 თვე ოკუპაციაში იყო, მათ ეიფორიის რამდენიმე დღე ჰქონდათ, მაგრამ მალე მათ დეპრესია დაეწყებათ."

შუსტერი ასევე იხსენებს უკრაინის პრეზიდენტის პირველ საგარეო ვიზიტს 2023 წლის 7 იანვარს ვაშინგტონში - "მისი სიარული მტკიცეა, ის მხრებში გამართულია, როგორც ბულდოგი რომელიც ბრძოლაში უნდა შევიდეს. ომი არ დასრულებულა, დასასრული ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, მაგრამ ადამიანმა ამ ომის ცენტრში დაასრულა ტრანსფორმაცია, ის საომარი დროის მხედართმთავარია."

მსგავსი სიახლეები