‘ისლამურმა სახელმწიფომ’ ჩრდილოეთ ერაყში იერიში განაახლა

 

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ კვირას ჩრდილოეთ ერაყში იერიში განაახლა.

ქალაქ ქირქუქთან ახლოს ტერორისტული დაჯგუფების წევრებთან შეტაკებაში ქურთული ავტონომიური რეგიონის შეიარაღებული ძალების, „ფეშმერგას“, ორი მებრძოლი დაიღუპა.

„ფეშმერგას“ განცხადებით, ტერორისტებმა იერიში მიიტანეს ნავთობით მდიდარი ქირქუქის პროვინციის სოფელ ლუჰაიბანზეც.

„ერაყის და სირიის ისლამური სახელმწიფო“, რომელიც 2014 წელს სწრაფი აღმასვლის შედეგად მნიშვნელოვან ტერიტორიებს დაეუფლა, კვლავ აქტიურია ერაყის რამდენიმე პროვინციაში.

დიალას და ქირქუქის პროვინციები, სადაც "ისლამურ სახელმწიფოს" დასაყრდენი აქვს, ბაღდადის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ქურთებს შორის სადავო ტერიტორიებია - რაც მის ეფექტიანად გაკონტროლებას ართულებს. 


2017 წელს დაჯგუფებამ საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციასთან ბრძოლაში დიდი დანაკარგები განიცადა, რის შემდეგად მისი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ორგანიზაციის სხვადასხვა განშტოება - განსაკუთრებით ავღანეთსა და დასავლეთ აფრიკაში - ფუნქციონირებას კვლავ აგრძელებს.

 

მსგავსი სიახლეები