თურქეთმა ერაყსა და სირიაში ქურთი ტერორისტები დაბომბა
23 ოქტომბერს თურქეთის არმიამ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში საჰაერო ოპერაციები ჩაატარა და "წარმატებით გაანადგურა" 32 სამიზნე. ამ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თურქმა სამხედროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ გამოიყენეს ადგილობრივი წარმოების საბრძოლო მასალა და "ბევრი ტერორისტი გაანეიტრალეს."
მათი თქმით, ოპერაციები გრძელდება.
ავიადარტყმების მიზანი ქურთული მოძრაობის მიერ მოწყობილ ტერაქტზე პასუხის გაცემა იყო. თავდასხმა ოთხშაბათს ნაშუადღევს, Turkish Aerospace Industries შტაბ-ბინასთან კაჰრამანკასანში, ანკარადან დაახლოებით 28 კილომეტრში მოხდა.
მედიის ცნობით, თავდასხმა სამმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ორი მათგანი განეიტრალდა. ტერაქტის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. მაგრამ როდესაც ჟურნალისტებმა პასუხი სთხოვეს, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იასარ გულერმა თქვა, რომ ამის უკან შესაძლოა ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) იყოს. PKK-ს თურქეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
Turkish Aerospace Industries არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იარაღისა და საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც მდებარეობს თურქეთის დედაქალაქ ანკარასთან ახლოს.
ის აწარმოებს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს, ასევე უპილოტო საფრენ აპარატებს თურქეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალებისთვის.
TAI შეიქმნა იმ მიზნით, რომ შემცირდეს თურქეთის დამოკიდებულება სამხედრო საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების უცხოეთიდან იმპორტზე.