ისრაელი ფიქრობს, რომ ტრამპი მხარს დაუჭერს ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმას - Axios
ისრაელის სტრატეგიული საკითხების მინისტრმა რონ დერმერმა ნოემბერში, დონალდ ტრამპთან შეხვედრა იმ რწმენით დატოვა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ან მხარს დაუჭერს ისრაელის სამხედრო თავდასხმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ან თავად აშშ დაბომბავს მათ.
ამ ინფორმაციას Axios ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც დერმერთან ისაუბრეს ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.
რონ დერმერი ბენიამინ ნეთანიაჰუს უახლოესი გარემოცვის წევრია, ისრაელის მედია მას რეალურ საგარეო საქმეთა მინისტრად მიიჩნევს, განსაკუთრებით აშშ-სთან ურთიერთობაში. დერმერი აშშ-ში დაბადებული ებრაელია, რომელიც ისრაელის მოქალაქე მოგვიანებით გახდა.
გამოცემა წერს, რომ ისრაელი სერიოზულად განიხილავს ირანზე თავდასხმას, მეტიც, ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა ისრაელს მოუწოდეს, რომ ირანს ტრამპის თანამდებობაზე მოსვლამდე შეუტიონ.
გავრცელებული ინფორმაციით, დერმერი ამ კვირაში აპირებს ვაშინგტონში დაბრუნებას ბაიდენის და ტრამპის თანაშემწეებთან შესახვედრად.
ირანზე პოტენციური თავდასხმის შესახებ გაზრდილი სპეკულაციების მიუხედავად, Axios ტრამპთან დაახლოებული სხვა ანონიმურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი ირანთან ახალ ბირთვულ შეთანხმებას ეცდება, ვიდრე ირანთან სამხედრო კონფრონტაციას დაიწყებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ გასულ კვირას ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები აშშ-სთან.
2018 წელს ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა, რომელსაც ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი. ტრამპმა "მაქსიმალური წნეხის" კამპანია წამოიწყო თეირანის წინააღმდეგ, რაც სანქციების გამკაცრებას და დაწესებული სანქციების რეალურ აღსრულებას მოიცავდა.
ირანთან ომის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე, ნოემბერში, ჟურნალ Time-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა: "ყველაფერი შეიძლება მოხდეს... ეს ძალიან არასტაბილური სიტუაციაა."