ისრაელი სირიის არმიის ჩამოშლას ელის - მე-12 არხი

ისრაელის მე-12 არხი იტყობინება, რომ ისრაელი ემზადება იმ შესაძლებლობისთვის, რომ სირიის არმია შეიძლება ჩამოიშალოს ასადის მოწინააღმდეგე ძალების სწრაფი წინსვლის გამო.

ტელევიზიის ცნობით, ისრაელი გაკვირვებული იყო სირიის არმიის სისუსტით, რომელიც აგრძელებს დასახლებების სწრაფად დაკარგვას.

ამასთანავე ისრაელმა ირანს გაუგზავნა მკაცრი გაფრთხილება, არ გაგზავნოს სირიაში იარაღი, რომელიც შეიძლება ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ჩაიგდოს ხელში.

"ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ ერთი მხარე სალაფიტი ჯიჰადისტები არიან, ხოლო მეორე მხარე ირანი და ჰეზბოლა," - განუცხადა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა The Times of Israel-ს. "ჩვენ გვინდა, რომ მათ ერთმანეთი დაასუსტონ."

მან ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ისრაელი არც ერთ მხარეს არ ეხმარება - "ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და შესაბამისად ვიმოქმედებთ."

ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსნებმა შეერთებულ შტატებსა და რეგიონალურ მოკავშირეებს განუცხადეს, რომ ისინი დაიწყებენ სახმელეთო ოპერაციას სამხრეთ-დასავლეთ სირიაში "ბუფერული ზონის" შესაქმნელად, თუ ისლამისტური ძალები მოახერხებენ ქალაქ ჰომსის აღებას.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა და ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ სირიაში განვითარებული მოვლენები შეაფასეს. 

"IDF თვალყურს ადევნებს მოვლენებს და ემზადება ნებისმიერი სცენარისთვის თავდასხმისთვის და თავდაცვისთვის," - აღნიშნეს სამხედროებმა. "ისრაელის შეიარაღებული ძალები არ დაუშვებს სირია-ისრაელის საზღვართან საფრთხეს და იმოქმედებს ისრაელის მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხის აღკვეთის მიზნით."

კონტექსტი

გუშინ, სირიის ოპოზიციურმა ძალებმა (HTS) და პრო-თურქულმა ფორმირებებმა, რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ, ასადის მიერ კონტროლირებადი ქალაქი ჰამა სრულად დაიკავეს.

ასადის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფების თანახმად, შემდეგ სამიზნეს ქალაქი ჰომსი წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ჰამასა და ჰომსის ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით მდებარეობს ქალაქები ლატაკია და ტარტუსი, სადაც რუსული სამხედრო ფლოტი და ავიაციაა განლაგებული.

ქალაქი ჰომსის დაკავების შემთხვევაში, სირიაში განლაგებული რუსული კონტინგენტი დამასკოსთან სახმელეთო კავშირს სრულად დაკარგავს.

მსგავსი სიახლეები