ისრაელის პრეზიდენტი: უკრაინელები ირანული იარაღით იღუპებიან
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა 25 ოქტომბერს, ვაშინგტონში, "ატლანტიკური საბჭოს" შეხვედრაზე გამოსვლისას, ირანი უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ირანული დრონები დაადანაშაულა. მისი გამოსვლის ვიდეო Twitter-ზე საბჭოს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
"უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინაში იხოცებიან, იჭრებიან და იტანჯებიან ირანული იარაღით", - თქვა ჰერცოგმა.
მან აჩვენა ირანული კამიკაძე დრონის, Shahed-136-ის ფოტო, რომელიც 2021 წლის დეკემბერში ირანში გამართულ აუქციონზე იყო წარმოდგენილი და უკრაინაში ჩამოგდებული დრონის ფოტო წარწერით "Герань-2".
"შეხედეთ უპილოტო საფრენი აპარატის კუდს და ფრთებს და შეადარეთ უკრაინაში აღმოჩენილს. ეს იგივე პროდუქტია, მაგრამ იმალება კირილიცაზე დაწერილი ასოების ქვეშ. შრიფტიც კი იგივეა", - თქვა ისრაელის პრეზიდენტმა.
ჰერცოგმა თქვა, რომ მის მიერ ნაჩვენები ფოტოები არის მხოლოდ დიდი ინფორმაციის ნაწილი, მათ შორის სადაზვერვო წყაროებიდან, რომელიც ისრაელის ხელისუფლებას აქვს ხელთ. მან დასძინა, რომ მზად არის წარადგინოს ის, რათა "ირანის რეჟიმის სიცრუე გამოაშკარავდეს".
"მსოფლიომ უნდა გაიგოს ეს სიმართლე და დაუსვას ეს კითხვები ირანს", - დაასკვნა მან.