ისრაელის პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს კოალიციის ფორმირება დაავალა

2022 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ყველაზე დიდი პარტიის, "ლიკუდის" ლიდერს ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა მთავრობის ფორმირება დაავალა.

ნეთანიაჰუმ და მისმა პარტნიორმა პარტიებმა ჯამში 64 საპარლამენტო მანდატის მოპოვება შეძლეს.

"მე გადავწყვიტე თქვენ მოგცეთ, ბატონო ბენიამინ ნეთანიაჰუს, მანდატი, რომ შექმნათ მთავრობა", - უთხრა პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ნეთანიაჰუს, პრეზიდენტის რეზიდენციაში.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ის ფაქტი, რომ ნეთანიაჰუს რამდენიმე საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული და ასამართლებენ.

"რა თქმა უნდა, არ მავიწყდება ის ფაქტი, რომ იერუსალიმის რაიონულ სასამართლოში დეპუტატ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და მე ამას საერთოდ არ ვაკნინებ", - ამბობს ჰერცოგი.

"მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უზენაესმა სასამართლომ უკვე მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ბრალდებული დეპუტატის მიერ მთავრობის ფორმირებაზე, რამდენიმე გადაწყვეტილებაში, მათ შორის 11-კაციანი გაფართოებული კოლეგიით." - თქვა ისრაელის პრეზიდენტმა.

"კანონის შესაბამისად გავითვალისწინე ფაქტები და როგორც კანონი მოითხოვს, ბატონო ბენიამინ ნეთანიაჰუ, მე გადავწყვიტე თქვენ შექმნათ ახალი მთავრობა". - აცხადებს ჰერცოგი.

ისრაელის 37-ე და მისი ხელმძღვანელობით მეექვსე მთავრობის შექმნის მანდატის მიღების შემდეგ "ლიკუდის" ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის ისრაელის ყველა მოქალაქის პრემიერ-მინისტრი იქნება.

"ხალხმა ნათლად დაუჭირა მხარი ჩემი მეთაურობით მთავრობის შექმნა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვუზრუნველვყოთ სტაბილური, წარმატებული მთავრობის შექმნა, რომელიც იმოქმედებს ისრაელის ყველა მოქალაქის სახელით, გამონაკლისის გარეშე." - თქვა მან.

ნეთანიაჰუმ განაცხადდა: "გასულ ათწლეულში ჩვენ ისრაელი ვაქციეთ აღმავალდ ძალად ერებს შორის... მსოფლიოს 10 წამყვანი ქვეყნიდან ერთ-ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მსოფლიოს მოსახლეობის მეათასედი ვართ".

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ მისთვის მთავრობის ფორმირების უფლების მიცემა ისეთივე ემოციურია, როგორც "პირველად, 26 წლის წინ".

ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე ექნება. პრეზიდენტს ასევე აქვს დისკრეცია, რომ მას დამატებით 14 დღე მისცეს.  

ეს უკვე მერვე შემთხვევაა, როცა ისრაელის პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს მთავრობის შექმნა დაავალა. რვა მცდელობიდან მან მთავრობის ფორმირება ხუთჯერ შეძლო და სამჯერ წარუმატებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, 1996 წელს ის პირდაპირი წესით აირჩიეს პრემიერის თანამდებობაზე.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ მინისტრი 15 წლის განმავლობაში, 1996-99 და 2009-2021 წლებში იყო.

მსგავსი სიახლეები