ისრაელის თავდაცვის მინისტრი: რაფაზე შეტევის მოსამზადებლად, IDF-მა ხან იუნისი დატოვა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის ჯარმა ხან იუნისი დატოვა სამხრეთ ღაზაში, რაფაზე მოსალოდნელი შეტევისთვის მოსამზადებლად.
"ძალები გამოვიდნენ [ღაზადან] და ემზადებიან თავიანთი მომავალი მისიებისთვის, ჩვენ ვნახეთ ასეთი მისიების მაგალითები შიფაში [საავადმყოფო] და ასევე მათი მომავალი მისიისთვის რაფაში," - აღნიშნა გალანტმა. "ჩვენ მივაღწევთ სიტუაციას, როდესაც ჰამასი ვერ გააკონტროლებს ღაზას სექტორს და არ იქნება სამხედრო ბაზა, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს."
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) კვირას განაცხადა, რომ 98-ე დივიზიამ "დაასრულა თავისი მისია" ხან იუნისში. დივიზია ღაზას სექტორს "აღდგენისა და მომავალი ოპერაციებისთვის მოსამზადებლად" დატოვებს.
ისრაელი აცხადებს, რომ ქალაქი ჰამასის დასაყრდენია და დასძინა, რომ ქალაქის სამოქალაქო შენობების ქვეშ არსებულ გვირაბის ქსელში დაგეგმა ჰამასმა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმა.
სწორედ ამ ქალაქიდანაა ღაზაში ჰამასის ლიდერი იაჰია სინვარი.
IDF-ის თქმით, "მნიშვნელოვანი ძალა, 162-ე დივიზია და "ნაჰალის" ბრიგადა, აგრძელებს მოქმედებას ღაზას სექტორში და შეინარჩუნებს IDF-ის მოქმედების თავისუფლებას და მის უნარს განახორციელოს ზუსტი სადაზვერვო ოპერაციები."
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, რომ დარჩენილი ძალები ე.წ. "ნეცარიმის" დერეფნის გასწვრივ განთავსდება, რომელიც ღაზას სექტორს ორად ყოფს.