ისრაელმა 2023 წელს 13 მილიარდი დოლარის შეიარაღება გაყიდა
ისრაელის შეიარაღების წლიურმა გაყიდვებმა 2023 წელს ახალ რეკორდს მიაღწია და თითქმის ორჯერ აღემატება ხუთი წლის წინანდელ ექსპორტის ღირებულებას.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თავდაცვის თანამშრომლობის დირექტორატმა, რომელიც ცნობილია როგორც SIBAT, განაცხადა, რომ თავდაცვის ექსპორტმა შარშან 13 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წელს 12.5 მილიარდი დოლარი იყო, 2018-2020 წლებში ეს რიცხვი 7.5-8.5 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა.
"ჰამასთან" ომის დაწყებისთანავე, 7 ოქტომბერს, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდაცვის ინდუსტრიამ "გადაუდებელ რეჟიმში" მოქმედება დაიწყო და ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის შეიარაღებას 24 საათის განმავლობაში აწარმოებს.
"მიუხედავად ომისა, 2023 წელს ახალი რეკორდი დამყარდა და ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი საექსპორტო შეთანხმებებით," - აცხადებენ სამინისტროში.
საჰაერო თავდაცვის სისტემები ექსპორტის ყველაზე დიდ ნაწილს, 36%-ს შეადგენდა (2022 წლის 19% იყო). ეს დიდწილად განპირობებული იყო გერმანიის მიერ ისრაელში წარმოებული Arrow 3-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის 4 მილიარდ ევროდ შესყიდვით.
სარადარო და ელექტრონული საომარი სისტემების ექსპორტმა გაყიდვების 11% შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ცნობილია კიბერ-სადაზვერვო სისტემებით, ისინი 2023 წელს გაყიდვების მხოლოდ 4%-ს შეადგენდნენ.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ისრაელის თავდაცვის საქონლის უმსხვილესი მყიდველი იყო, რომელიც მთლიანი ექსპორტის 48%-ს ყიდულობდა, ხოლო ევროპა - 35%, ჩრდილოეთ ამერიკა - 9%, ლათინური ამერიკა - 3% და აფრიკა - 1%.