ისრაელმა ბალტიისპირა სახელმწიფოებს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა აუკრძალა
მიმდინარე წლის დასაწყისში ბალტიისპირა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით დაეხმარებოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ სიიდან ისრაელში წარმოებული იარაღი არ შევა.
გამოცემა Breaking Defense-ის ინფორმაციით, ისრაელმა ბალტიისპირა სახელმწიფოებს უკრაინისთვის ისრაელისგან ნაყიდი შეიარაღების გადაცემა აუკრძალა. მაღალი ალბათობით, ისრაელის ამგვარი პოზიცია დაკავშირებულია ოფიციალური იერუსალიმის სურვილთან შეინარჩუნოს რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობები.
როგორც ცნობილია, აშშ-ის მსგავსად ისრაელსაც აქვს მკაცრი წესები შეიარაღების გაყიდვასთან და საბოლოო მომხმარებელთან დაკავშირებით. მათ შორის ამავე წესებით იზღუდება მყიდველის უფლება გადასცეს შეიარაღება სხვა ქვეყანას ისრაელის თანხმობის გარეშე.
გამოცემის ინფორმაციით, ეს წესი ისრაელმა მას შემდეგ აამოქმედა, რაც დღის წესრიგში უკრაინისთვის ისრაელში წარმოებული ანტისატანკო რაკეტების - Spike-ის გადაცემის საკითხი დადგა. აღნიშნული დანადგარი ებრაულ-გერმანული ერთობლივი პროექტია.
ამ ტიპის რაკეტებს, სხვადასხვა მოდიფიკაციით იყენებს სამივე ბალტიისპირა სახელმწიფო, მათ შორის ცნობილია, რომ სექტემბერში ესტონეთმა რაკეტების ახალი პარტია შეისყიდა.
საკითხის კომენტირებაზე უარი თქვეს ლატვიის თავდაცვის სამინისტროში, სადაც განაცხადეს, რომ "უკრაინისთვის ისრაელში დამზადებული შეიარაღების მიწოდება ისედაც არ იგეგმება."
ლიეტუვის თავდაცვის უწყებაში კი აღნიშნეს, რომ ებრაელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა ისრაელში წარმოებული ანტისატანკო რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი მხარეებს შორის აქამდე არ წამოჭრილა.
საკითხის კომენტირებაზე უარი თქვეს ისრაელის თავდაცვის სამინისტროშიც. გამოცემის ინფორმაციით, სფეროს ექსპერტები ისრაელის ამგვარ პოზიციას რუსეთს უკავშირებენ.
"ამ კრიზისში ნებისმიერი სახის, მათ შორის ირიბმა ჩართულობამაც, შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ისრაელისა და მოსკოვის განსაკუთრებულ ურთიერთობებს",- ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი გამოცემასთან საუბარში.
ხაზგასასმელია, რომ აქამდე ესტონეთს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა აუკრძალა გერმანიამ - საუბარია გერმანული წარმოების ჰაუბიცებზე.
უკრაინისთვის იარაღის გადაცემის უფლება ბალტიისპირა სახელმწიფოებს აშშ-მ გასულ კვირას მისცა. გასულ კვირასვე ცნობილი გახდა, რომ ლატვია უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გაგზავნის.