ისრაელმა ღაზას სამხრეთი დაბომბა, დარტყმის სამიზნე ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაური იყო

Yisrael Hayom-ის ცნობით, ისრაელმა ღაზას სამხრეთით ალ-მავასის რაიონი დაბომბა, სადაც, სავარაუდოდ, "ჰამასის" სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი იმყოფებოდა.

ისრაელის არმიის რადიო თავდაცვის სამინისტროს სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამიზნე იყო "ძალიან მნიშვნელოვანი" და შედეგები დაუყოვნებლივ არ არის ნათელი.

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვი ძალებმა დაადასტურა, რომ ავიადარტყმის სამიზნე "ჰამასის" სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი და ხან იუნისის ბრიგადის მეთაური რაფა სალამე იყვნენ.

ისინი ალ-მავასის რაიონსა და ხან იუნისს შორის სამოქალაქო შენობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ არა დევნილი პალესტინელების კარავში. სამხედრო წყაროების თქმით, "ჰამასის" კიდევ რამდენიმე ათეული ოფიცერი იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე.

ალ-მავასი და დასავლეთ ხან იუნისის ტერიტორიები ისრაელის მიერ მონიშნული ჰუმანიტარული ზონის ნაწილია, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ დარტყმა ზუსტი იყო და მხოლოდ ტერორისტების განადგურებას ისახავდა მიზნად.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა და 289 დაიჭრა. გაურკვეველია, მათ შორის რამდენია მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა ისრაელის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა სავარაუდოდ "ჰამასის" მებრძოლები იყვნენ.

საუდის არაბეთის ტელევიზია "ალ-ჰადათი" წერს, რომ "ჰამასის" ხან იუნისის ბრიგადის მეთაური რაფა სალამე, დღეს დილით, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ამასთანავე, მძიმედ დაიჭრა "ჰამასის" სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი.

კონტექსტი

მოჰამედ დეიფი, ღაზის სექტორში, ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერია. 2015 წელს, აშშ-ის ხელისუფლებამ დეიფი საერთაშორისო ტერორისტად გამოაცხადა და თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებსა და ისრაელელი სამხედროების გატაცებაზე პასუხისმგებელ პირად ცნო.

დეიფი არასდროს ჩნდება საჯაროდ და არავინ იცის მისი ნამდვილი სახელი.

2024 წლის 6 იანვარს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გამოქვეყნებული დეიფის ფოტო

გადაუმოწმებელი ცნობებით, დეიფმა დაკარგა ხელი და ერთი ან ორივე ფეხი ისრაელის თავდასხმებისას. ახალ ფოტოზე მისი ორივე ხელი ჩანს, თუმცა, როგორც ჩანს, თვალი დაკარგა. ასევე ორი წყვილი ფეხსაცმელი ჩანს ორი მამაკაცის უკან.

Ynet-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ დეიფი ხანდახან მაინც იყენებს ეტლს გადაადგილებისას, დაბომბვისას მიყენებული დაზიანებების გამო.

დეიფი ისრაელის ძებნილთა სიაშია 1995 წლიდან, ტერაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამო, მათ შორის 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში ავტობუსების აფეთქებების.

დეიფმა სულ მცირე შვიდ მკვლელობის მცდელობას გადაურჩა წლების განმავლობაში, ზოგიერთმა მათგანმა სხვადასხვა ხარისხით დაჭრა ის ან მისი ოჯახის წევრები მოკლა. ბოლო ორი ცნობილი მცდელობა 2021 წლის მაისში იყო, როდესაც ისრაელისა და ღაზას ტერორისტული ჯგუფები 11-დღიანი ომისას დროს იბრძოდნენ, რომელიც ცნობილია როგორც ოპერაცია "კედლების მცველი."

2021 წლამდე ისრაელი დეიფის მოკვლას ღაზაში 2014 წლის ომის დროს ცდილობდა, მაგრამ ის გადარჩა და დაიღუპნენ მისი ცოლი, ჩვილი ვაჟი და 3 წლის ქალიშვილი.

მსგავსი სიახლეები