ISW: რუსეთის დაჯგუფება დონბასის ჩრდილოეთში კოლაფსს განიცდის

უკრაინის კონტრიერიშის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთ დონბასში რუსეთის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. 

ამის შესახებ, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) მიერ მომზადებულ ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი. 

"რუსული ნაწილები ვერ ახერხებენ ორგანიზებულ უკან დახევას და ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ნაჩქარევად გარბიან, რათა თავი აარიდონ იზიუმთან ალყაში მოქცევას",- აღნიშნულია მიმოხილვაში. 

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, სამხრეთში უკრაინის გაძლიერებული იერიშების ფონზე, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, რომ დაჯგუფბები დონბასიდან სწორედ ამ მიმართულებით გადაესროლა. 

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში 70 კილომეტრით შეაღწიეს და ბოლო 5 დღეში 3,000 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს - ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსების მიერ, მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ დაკავებული ტერიტორიები". 

ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით თუ უკრაინელებს "ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ" ქალაქი იზიუმი, ამას მომდევნო 48 საათის განმავლობაში გააკეთებენ.

ქალაქ იზიუმის გათავისუფლება, აღნიშნულ ომში, უკრაინის ყველაზე დიდი წარმატება იქნება. ოკუპანტები ვერ ახერხებენ ორგანიზებულ უკან დახევას ქალაქიდან. 

იზიუმის გათავისუფლება საბოლოოდ დაასამარებს ოკუპანტების მიზანს, დაწინაურებულიყვნენ სლოვიანსკ-კრამატაროსკის მიმართულებით, და ალყაში მოექციათ უკრაინული არმიის დონბასის დაჯგუფება.

მას შემდეგ რაც ქალაქი უკრაინელთა ოპერატიულ ალყაში მოექცა და მისი მომარაგების მხოლოდ მეორეული გზები დარჩა, ქალაქიდან ოკუპანტები ნაჩქარევად გარბიან. 

ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, უკრაინელები უკვე აკონტროლებენ ქალაქ კუპიანსკის დასავლეთს, ხოლო მეორე ნახევარს, სავარაუდოდ მომდევნო 24 საათში დაიკავებენ. 

აქ რუსები უკვე გადავიდნენ მდინარე ოსკილის აღმოსავლეთ ნაპირზე, რომელიც ქალაქს ორად ჰყოფს. სხვადასხვა რუსული წყაროს ინფორმაციით, ქალაქის აღმოსავლეთში უკვე აქტიურად მუშაბენ უკრაინელთა დივერსიული და მობილური დაჯგუფებები. 

ხოლო სატელიტური ფოტოებიდან სჩანს, რომ ოკუპანტები უკვე ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდანაც გარბიან და გამაგრებას დასახლება სვატოვესთან აპირებენ, რომელიც ლუჰანსკის ოლქს ეკუთვნის. 

მაღალი ალბათობით ფრონტის ახალი ხაზი ამ არეალში სწორედ მდინარე ოსკოლზე მდებარე წყალსაცავთან დაფიქსირდება. 

ISW-ის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ უკრაინის არმია ჯერჯერობით არ შესულა ქალაქ ლიმანში, თუმცა, მის მისადგომებთან იმყოფება. ლიმანში მყოფი ოკუპანტების დაჯგუფება ქალაქ იზიუმიდან დაჯგუფების საცეცხლე მხარდაჭერას ცდილობს. მაღალი ალბათობით, უკრაინელი მებრძოლები უკვე აკონტროლებენ სტრატეგიულ წერტილებს ქალაქ ლიმანის მისადგომებთან. 

გარდა ამისა, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უკრაინელების წინსვლა არ შემოიფარგლება მხოლოდ იზიუმის რაიონით - ამის მაგალითია დასახლება ველიკი ბურლუკი, რომელიც უკრაინელმა მებრძოლებმა გუშინ დაიკავეს და რომელიც რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. 

ამ მიმართულებით უკრაინელების წინსვლა სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოკუპანტების მომარაგების ხაზებს ლუჰანსკის დაჯგუფებისთვის და მოსალოდნელია, რომ ამის ეფექტი მომდევნო კვირებში უფრო მწვავედ გამოვლინდება. 

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, მაღალი ალბათობით, უკრაინელი მებრძოლები უკვე გადავიდნენ ლუჰანსკის ობლასტის ტერიტორიაზე და ლუჰანსკს ოკუპანტები 100%-ით ვეღარ აკონტროლებენ. 

დაუდასტურებელი ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასულ დღეებში ლუჰანსკის ობლასტში მდებარე დასახლება ბელოჰორლივკა დაიკავეს. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება კადრები, რომლებზეც უკრაინელი მებრძოლები დასახლებაში შედიან. 

 

მსგავსი სიახლეები