ISW: რუსეთის ოპერატიული პაუზა სამხედრო პერსონალის უკმარისობითაა გამოწვეული

რუსეთის არმია უკრაინაში სამხედრო პერსონალის უკმარისობას განიცდის და სწორედ ამით არის განპირობებული ოპერატიული პაუზა, რომელიც კრემლმა ლუჰანსკის ობლასტის დაკავების შემდეგ გამოაცხადა. 

ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ ანგარიშშია საუბარი. 

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ცნობით, ოკუპანტების ძირითადი პრიორიტეტი ომის ამ ეტაპზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაა. 

სწორედ ამ ტაქტიკის ნაწილი იყო ქალაქ ვინიცის დაბომბვაც, რომელსაც მინიმუმ 23 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვიც. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 70 ადამიანი. 

პარალელურად უკრაინის სამხრეთში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტები რუსული პასპორტების დარიგებას აგრძელებენ. უკრაინელი პენსიონერების მოტოვირებისთვის ოკუპირებულ მელიტოპოლში ოკუპანტები საპენსიო ფონდიც გახსნეს, რომელიც ზაპოროჟიის დიდ ნაწილს უნდა მოემსახუროს. 

გარდა ამისა ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ოკუპირებულ ხერსონს რუსეთის პოლიტიკური თანამდებობის პირები ეწვევიან. 

ვიზიტის მიზანია დააჩქარონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება.

მსგავსი სიახლეები