ჯონსონი: პრიგოჟინის მკვლელობა აჩვენებს, რომ პუტინთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვლის, რომ ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო მკვლელობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების გარეშე არ შეიძლებოდა მომხდარიყო, ამიტომ ეს აჩვენებს, რომ დიქტატორთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.
ამის შესახებ ჯონსონმა Daily Mail-ისთვის დაწერილ თავის ბოლო სვეტში ისაუბრა.
"საბედნიეროდ, არის ერთი აშკარა დასკვნა ევგენი პრიგოჟინის ლუციფერული დაცემიდან. შეხედეთ ამ ჩამოვარდნილ თვითმფრინავს, ყველას, ვინც მეუბნება, რომ მოლაპარაკებების გზით შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსავალი, ან რომ როგორმე უნდა წავახალისოთ უკრაინელები გაცვალონ მიწა მშვიდობისთვის." - წერს ის.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი აღნიშნავს: "რაც არ უნდა დამართნოდა თვითმფრინავს, რომელშიც პრიგოჟინი იმყოფებოდა, პუტინის ბრძანების გარეშე ვერ ჩამოაგდებდნენ."
"პუტინმა თავი განგსტერად წარმოაჩინა და მისი აბსურდული სატელევიზიო განცხადება გარდაცვლილი ვაგნერელების შესახებ უბრალოდ "ნათლიას" ფურცლებიდან არის აღებული... ამ მკვლელობებით პუტინი ჩვენს თვალწინ იქცა აზიურ დესპოტად, რომელიც კლავს თავის ყოფილ ფავორიტს, რათა აჩვენოს, ვინ არის აქ ბოსი და ტკბება თავისი დაუნდობლობით," - წერს ჯონსონი.
ის განმარტავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ღია სურვილია დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, რაც ხელს უწყობს მის პოპულარობას დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში.
"თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს იქნება კატასტროფა დემოკრატიისთვის მთელს მსოფლიოში. თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება საბაბი ყველასთვის, ვინც ამბობს, რომ დასავლეთს არ შეიძლება დაეყრდნო და ის არ იქნება შენთან ბოლომდე." - აღნიშნა მან.
ჯონსონის თქმით, უკრაინის მოკავშირეებმა არ უნდა იფიქრონ პუტინის ბედზე, არამედ გააგრძელონ იმ სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომლის დაპყრობაც მან გადაწყვიტა.